2022 წელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ შემოსავლების და მოგების ზრდით დახურა.
სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მთავარ მაგისტრალურ გაზსადენ სისტემას მართავს, 2022 წელს 114 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს არსებული 104 მლნ ლარის შემდეგ. საოპერაციო მოგება 4.5 მლნ ლარით 23 მლნ ლარამდე გაიზარდა. წლიურმა მოგებამ კი, 35.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 46%-ით მეტია. ამასთან, მოგება დაბეგვრამდე ამონაგების 31%-ს შეადგენდა. 2021 წელს აღნიშნული კოეფიციენტი 24%-ის ტოლი იყო. კოეფიციენტის ზრდა კი, საოპერაციო მოგების ზრდამ განაპირობა.
„გაზის ტრასპორტირების კომპანია“ ამონაგებს გამოიმუშავებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტით რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკაში, ასევე გაზის ტრანსპორტირებით მთელი საქართველოს მასშტაბით, ძირითადად გაზის სადისტრიბუციო კომპანიების, მსხვილი სამრეწველო საწარმოებისა და თბოელექტროსადგურების მიმართულებით. ამ შემთხვევაში კომპანიისთვის გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ყოველ 1000 კუბურ მეტრზე 18,95 ლარია; რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური კი, კომერციულ საიდუმლოებად არის მიჩნეული.
კომპანია ოპერირებას უწევს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელს, კერძოდ, გაზსადენებს საერთო სიგრძით 1,967კმ, ასევე 400-მდე გაზის გამანაწილებელ სადგურს, შენობებს და ნაგებობებს.
სახელმწიფო საწარმოების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის განკარგულების საფუძველზე, კომპანიის 50%-იანი წილის მმართველი ფინანსთა სამინისტრო გახდა, მეორე ნახევარს კი, კვლავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართავს.