გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, რომელიც საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენებს მართავს გასული წელი ზარალით დაასრულა. 2024 წელს კომპანიამ 96 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტია, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიამ წელი 1.3 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. შედარებისთვის, 2023 წელს კომპანიის მოგება 2.8 მილიონ ლარს შეადგენდა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანია 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაშია, მისი 50%-ის მფლობელი და განმკარგავი არის ეკონომიკის სამინისტრო, 50%-ის კი ფინანსთა სამინისტრო.
გაზის ტრანსპორტირების კომპანია მართავს ჩრდილოეთი სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს, რომლითაც სომხეთს რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება. აღნიშნული მილსადენიდან გაზის შესყიდვებს საქართველოც ახორციელებს.
გარდა ამ მილსადენისა გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქვეყანაში არსებულ შიდა მოხმარების გაზსადენ ქსელსაც მართავს.
2024 წელს კომპანიის მთავარ ხარჯებს შორის იყო საკონცესიო შეთანხმების ამორტიზაციის საფასური 44.5 მილიონი ლარით, რაც უკავშირდება კომპანიისთვის მართვაში გადაცემული მილსადენების იჯარის ხელშეკრულებას. გაზის დანაკარგების ხარჯი იყო 25.7 მილიონი ლარი, პერსონალის ხარჯი იყო 24.3 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯები 4 მილიონი ლარის ოდენობით, 4 მილიონი ლარის საგადასახადო ხარჯები და 9 მილიონი ლარის სხვა ხარჯები.
2024 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივები 247 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 21 მილიონ ლარს შეადგენს.




























