მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გიორგი ფანგანი

"დეკემბრის ბოლოს როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმის შესახებ, თუ როგორი ტარიფები ექნება მომხმარებლებს. მეთოდოლოგიაში უკვე მოაზრებული გვაქვს რამდენიმე სცენარი და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ", - ამის შესახებ სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“კანონში ცვლილებები, რომლითაც სემეკს უფლება ექნება, მოხმარებული გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

სემეკის წევრი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისია უახლოეს პერიოდში მიიღებს ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიას, რადგან წყლისა და ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები დეკემბერში უნდა დამტკიცდეს.

"კანონიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება ჩვენს ნორმატიულ აქტებში. კონკრეტულად ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში რის შემდეგაც უკვე გამოიკვეთება, თუ რა ტიპის სატარიფო სტრუქტურა იმოქმედებს როგორც ბუნებრივი გაზის, ისე წყალმომარაგების სექტორში. ამ კანონის საფუძველზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება ზუსტად იმ პრინციპებით, რომლებიც მათ შორის, კანონის განმარტებით ბარათს ახლავს თან. ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფები ახალი მეთოდოლოგიითა და ახალი სატარიფო სტრუქტურით დამტკიცდება, რადგან მოქმედ ტარიფებს ვადა ზუსტად მიმდინარე წლის დეკემბერში გადის. ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით, ტარდება როგორც მარეგულირებელი აუდიტი, ისე ითვლება ტარიფის სხვა ძირითადი შემადგენელი კომპონენტები. დეკემბრის ბოლოს როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმის შესახებ, თუ როგორი ტარიფები ექნებათ მომხმარებლებს.

მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ტარიფი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ არსებობს დღე-ღამური ტარიფი, რომელიც ძალიან აპრობირებულია იგივე დასავლეთში. ასევე არსებობს ფიქსირებული ტარიფები, ანუ როდესაც მოხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას ამას ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფს უწოდებენ და ა.შ.

დღეს საქართველოში ერთადერთი საფეხურებრივი ტარიფი გვაქვს ელექტროენერგეტიკაში, სადაც როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს სამსაფეხურიანი ტარიფი, რომელიც ყოველთვიურად იანგარიშება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თვიდან ახალ ათვლას ვიწყებთ.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებს, მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ უკვე გვეცოდინება კონკრეტული დეტალები, რადგან არსებობს მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოსავალი წერტილი სოციალური საკითხებისა და მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას, ანუ ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას მოგვცემს. უბრალოდ ერთ ციფრს მოგიყვანთ საქართველოში დღეისთვის ერთ მომხმარებელზე საშუალო მოხმარება 192 კუბური მეტრია, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპაში გასაშუალოებული მაჩვენებელი 140 კუბურ მეტრს შეადგენს. ანუ ამას ე.წ უყაირათო მოხმარება ჰქვია. ასეთი ბევრი მომენტია, რისი გათვალისწინებაც ახლა მოგვიწევს. ამ ეტაპზე რამის თქმა ძალიან რთულია, რადგან მეთოდოლოგია ჯერ არ არის და ვერც იქნებოდა, სანამ კანონი არ მიიღებოდა. მეთოდოლოგიაში უკვე მოაზრებული გვაქვს რამდენიმე სცენარი და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ", - აცხადებს ფანგანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები