75 მომხრე 5 წინააღმდეგი - პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“კანონში ცვლილებები, რომლითაც სემეკს უფლება ექნება, მოხმარებული გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო, რადგან კომისიამ მომდევნო წლის ტარიფებს 2026 წლის ბოლოს უნდა გადახედოს. ცვლილებებს "ქართული ოცნება" "მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვით" ხსნის.
"აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას", - წერია განმარტებით ბარათში.
როგორც სემეკში BMG-ის უთხრეს, ახალ საფეხურეობრივ ტარიფს უკვე მარეგულირებელი კომისია დაადგენს.
























