Travel To Georgia-ს დირექტორი, ლაშა ბერეკაშვილი BM.GE-სთან გამყვანი ტურიზმის კუთხით არსებულ ტენდენციებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, ქართველი მოგზაურები, ყოველთვიური დანაზოგის საშუალებით აქტიურად მოგზაურობენ.
მისივე ინფორმაციით, გარდა ახალგაზრდა სეგმენტისა, გააქტიურებულია საპენსიო ასაკის ადამიანების სეგმენტიც, რომელიც პროცენტულად თითქმის ახალგაზრდა სეგმენტს უტოლდება. ბერეკაშვილი დასძენს, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული მოსახლეობის ამგვარი ტენდენცია იქიდანაა განპირობებული, რომ ოჯახის წევრები მათ პატიჟებენ ასეთ ტურებში.
„[ქართველებს] შეიძლება მაღალანაზღაურებადი სამსახურები არ ჰქონდეთ, თუმცა მათი ყოველთვიური დანაზოგი, გარკვეული ტიპის ჯგუფური ტურებით მოგზაურობის საშუალებას აძლევდეთ.
ამასთან, გაზრდილია უფროსი ასაკის, ანუ საპენსიო ასაკის ადამიანების აქტივობაც. შეიძლება ითქვას, რომ აქტივობა ახალგაზრდებსა და საპენსიო ასაკის ადამიანებს შორის თითქმის თანაბარია. საქმე ისაა, რომ საპენსიო ასაკის ადამიანებს ოჯახის წევრები ტურებში პატიჟებენ. ესენი არიან ან საქართველოში, ანდაც საზღვარგარეთ დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მათი მშობლების სიბერე განსაკუთრებულად მრავალფეროვანი გახადონ. ამასთან, ტენდენცია შეინიშნება, როდესაც სამივე თაობის წარმომადგენელი ერთად მოდიან ტურებში, რაც აქამდე არ ხდებოდა“,- ამბობს ბერეკაშვილი.
მისივე თქმით, სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებებზე სულ უფრო მზარდია ინტერესი, შედეგად ტურებიც მრავალფეროვანი გახდა. ადრე თუ რამდენიმე ტურისტულ ლოკაციაზე იყვნენ ორიენტირებული, ახლა მომხმარებლების მოთხოვნები გაზრდილია. აღნიშნული კი ახალი მიმართულებების დამატების განმაპირობებელი ფაქტორია.