კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, FMCG ბაზრის მონიტორინგი გრძელდება.
მან ჟურნალისტებთან, BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ბოლო შუალედური ანგარიშის შედეგებიდან აღნიშნა, რომ გაზრდილია არაპირდაპირი გადასახადების ტვირთი, რომელიც ქსელში შესვლას უკავშირდება.
სააგენტოს FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზრის შუალედური ანგარიშის თანახმად, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ქსელში/ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ. საცალო ფასზე ზემოქმედების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება ქეშბექზეა გამახვილებული, რომლის დინამიკაც მზარდია პროდუქტების უმეტესობაზე.
ლექვინაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციები სექტორთან კომუნიკაციით შემუშავდება.
"კონსულტაციები გვაქვს უწყვეტ რეჟიმში, როგორც რითეილის მიმართულებასთან, ასევე დისტრიბუციის და მწარმოებლის მიმართულებასთან. მუდმივად იცვლება ეს ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი სამუშაო პროცესი შემოიფარგლება შუალედური ანგარიშების მომზადებით. ბოლო ანგარიშის მიხედვითაც, ჩვენ ბაზარი შეფასებული გვაქვს შემდეგნაირად, რომ ბაზარზე არ გვყავს დომინანტი ეკონომიკური აგენტები, რითეილის ბაზარს ვგულისხმობ. სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 32-35%-ის ფარგლებში, ხუთი ყველაზე მსხვილის წილი არის დაახლოებით 45-47%-ის ფარგლებში და 10-ის წილი არის დაახლოებით, მთლიანი ბაზრის 60%-მდე ფარგლებში, ანუ ეს ნიშნავს, რომ დომინანტი არა გვყავს, ამიტომ რაიმე ტიპის ქმედება ამ მიმართულებით და ამ ხაზით ჩვენს მიერ წარმოებული ვერ იქნება. თუმცა, ჩვენ ერთ რამეს ვადასტურებთ, რომ ბოლო წლების დინამიკას თუ შევხედავთ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტვირთი არაპირდაპირი გადასახადების, რომელიც უკავშირდება ქსელში შესვლას და პირობითად ის შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხუთ წელიწადში გაორმაგებულიც კი არის, რაც შეიძლება ითქვას, რომ რიგი პროდუქტების ფასებზე ზეწოლაც იყოს. თუმცა ჩვენი მანდატი ამ ეტაპზე არ არის, რომ რაიმე ტიპის რეგულირების ჩარჩოს ინიციატივით გამოვიდეთ. რეკომენდაციები, თუ რამე იქნება საჭირო, წლის ბოლოს გვექნება ჩვენ ასევე მორიგი შუალედური ანგარიში და ამ კონტექსტში ვიფიქრებთ, საჭიროების შემთხვევაში, სექტორთან ერთად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ორივე სექტორს, რითეილსაც და ასევე მიმწოდებლების ნაწილს",- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.




























