მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზსაცავის მშენებლობასა და ოპერირებაში "სოკარი" მონაწილეობას აღარ განიხილავს

5bb623fa5e054
დავით ჯალაღონია
04.10.18 19:00
1116
აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ საქართველოს გაზსაცავის სერვისის მომხმარებელი იქნება და მისი ჩართვა ობიექტის სამშენებლო, ან საოპერაციო სამუშაოებში არ განიხილება. ამის შესახებ BM.GE-ს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მრჩეველმა მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ „სოკარი“ აპირებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზარზე დარჩეს და ფუნქციონირება განახორციელოს, როგორც მიწოდების, ისე განაწილების სექტორში, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი აქტიური მომხმარებლები ვიქნებით იმ სერვისისა, რომელიც ბაზირებული იქნება ახალი გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ. ოპერირებისა და ინვესტირების თემა არ განიხილება“, - განაცხადა მარიამ ვალშვილმა.

„სოკარის“ გეგმებზე გაზსაცავის პროექტთან დაკავშირებით BM.GE საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემურ გოჩიტაშვილს ესაუბრა, რომელიც ობიექტის საპროექტო და სამშენებლო მომსახურებაზე მიმდინარე ტენდერის კონფიდენციალური პირობების გათვალისწინებით, მონაწილეების შესახებ ინფორმაციას არ აჟღერებს და ამბობს, რომ თუ დაინტერესდება, „სოკარსაც“ შეუძლია მშენებლობაში მონაწილეობა.

„ტენდერი საერთაშორისო პროცედურებით ტარდება და ვინც გაიმარჯვებს, მათ შორის სოკარსაც აქვს შანსი, ის მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა თემურ გოჩიტაშვილმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სოკარი“ გაზსაცავის მშენებლობით დაინტერესებული იყო, ქართულმა მედიამ 2016 წლის დასაწყისში გაავრცელა, როცა „სოკარის“ ხელმძღვანელობას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. მას შემდეგ, რატომ შეიცვალა კომპანიის ინტერესები, ამას აზერბაიჯანული, ან ქართული მხარე ჯერ-ჯერობით არ განმარტავს.

რაც შეეხება გაზსაცავის პროექტის მიმდინარეობას, თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ერთ კვირაში დაიხურება ტენდერი და 16-მდე კომპანიიდან ოთხი მათგანი შეირჩევა, რომლებიც გაზსაცავის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, ტენდერის მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისი დასრულება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება. შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის მშენებლობას ერთის მხრივ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 150 მილიონი ევროს მოცულობის, მეორეს მხრივ, კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 100 მილიონი დოლარის სესხით დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები