სამგორის სამხრეთ თაღზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისა და ოპერირების მიზნით გამოცხადებული ტენდერის პირველი ეტაპი დასრულდა.
ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ გოჩიტაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ტენდერის პირველ ეტაპზე ოთხი კომპანია გამოვლინდა, რომლებიც მეორე ეტაპის საკონკურსო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
„ტენდერის პირველ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიები მომდევნო სამი თვის განმავლობაში წინადადებებს წარმოადგენენ, შემდეგ კი მათი განხილვა დაიწყება. საერთო ჯამში, ამ პროცესს დაახლოებით ოთხი-ხუთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადავა“, - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა.
ტენდერის პირველი ეტაპის გამარჯვებულებს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამ ეტაპზე არ ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისი დასრულება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება.
გაზსაცავის მშენებლობას ერთის მხრივ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 150 მილიონი ევროს მოცულობის, მეორეს მხრივ კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 100 მილიონი დოლარის სესხით დააფინანსებს.