გაზსაცავის პროექტით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს ენერგეტიკის სამინისტრო მომავალი წლიდან დაიწყებს. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, პროექტის პარამეტრების დაზუსტება მიმდინარეობს, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
"მოლაპარაკებები „სოკართან“ კონკრეტულად მათ თანამონაწილეობასთან დაკავშირებით არ არის, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს ტექნიკური პარამეტრები იმ რეკომენდაციის ფონზე, რაც ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ დადო. ჩვენ ახლა ვიწყებთ გარკვეულ ბურღვით სამუშაოებს გეოლოგიური დეტალების დასაზუსტებლად, რომ შემდეგ დეტალური პროექტირება დავიწყოთ და შესაბამისად, დეტალურ ბიუჯეტამდე მივიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ყველა დაინტერესებულ მხარესთან დავილაპარაკოთ - რა ფორმით უნდათ მათ მონაწილეობის მიღება, თუმცა ვიღებთ მოთხოვნებს, ინტერესებს. ზოგს კაპიტალში შემოსვლა უნდა, ზოგს - სესხის მოცემა, სხვადასხვა პირობებით. საკმაოდ მრავალფეროვანი შემოთავაზებებია, თუმცა თუ არ გვეცოდინება პროექტის ზუსტი პარამეტრები, გარკვეულ თანხაზე, თანამონაწილეობაზე, ან თამაშის წესებზე ვინმესთან შეთანხმება ცოტა გაძნელდება. ვფიქრობ, რომ ეს ამ წლის განმავლობაში არ მოხდება“, - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ მომავალი წლის დასაწყისში უფრო ნათელი სურათი იქნება გაზსაცავის ბიუჯეტთან, ვადებთან, სესხისა და კაპიტალის თანამონაწილეობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გაზსაცავი სამგორის სამხრეთის თაღის საბადოზე უნდა აშენდეს და მასში 280 მილიონამდე კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით, 15%-ს შეადგენს.

























