სავაჭრო ობიექტების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა, შესაძლოა, ეტიკეტირების იმ წესის ცვლილებამ გამოიწვიოს, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევა. ბიზნესისთვის იცვლება პროდუქციის ეტიკეტზე დასატანი ინფორმაცია, შრიფტის ზომა, შენახვის ვადის ტერმინი და ა.შ.
სადისტრიბუციო კომპანიები ამბობენ, რომ ახალი ეტიკეტის დამზადებას დრო და შესაბამისად ფინანსური რესურსი სჭირდება, რადგან უკვე დაბეჭდილი და მომზადებული ფორმები 1 მარტიდან უვარგისი აღმოჩნდება. შედეგად კომპანიების ზარალი ასეულობით ათას ლარს მიაღწევს.
„საბოლოოდ მივიღეთ შედეგი, რომ ნოემბრის თვეში შევიდა ცვლილება აღნიშნულ რეგლამენტში, რამაც გამოიწვია ის, რომ უკვე დაბეჭდილი, მომზადებული ფორმები აღმოჩნდა უვარგისი. კომპანიებს დამატებით უწევთ ამ სახსრების გაღება, მათ შორის ამ ყველაფერს ფინანსების გარდა სჭირდება დრო. ეს თანხები არის საკმაოდ სოლიდური და მხოლოდ პროდუქტის ერთ სახეობაზე ღირებულება შეადგენს 1500-დან 2000 ევრომდე. შესაბამისად, რიგი კომპანიებისთვის ეს შეიძლება ავიდეს ასეულობით ათასზე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოხდეს გადავადება.
თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ ბიზნესისთვის ეს არის დამატებითი ხარჯი და ასეულობით ათასი ლარი, რომელიც უნდა გაიღოს მიმდინარე წელს, გარკვეულწულად შეიძლება აისახოს იმ ფასზე, რომლითაც აქამდე ახორციელდებდნენ კომპანიები პროდუქციის რეალიზებას. ეს არის მხოლოდ ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორების პრობლემა, ესაა სავაჭრო ობიექტების პრობლემაც, რომელთა პასუხისმგებლობაც დგება“, - აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე.
ბიზნესის პოზიციას რეგულაციის გადავადებასთან დაკავშირებით იზიარებს ბიზნესომბუდმსენიც.
ირაკლი ლექვინაძე bm.ge-თან ამბობს, რომ გარდა გონივრული ვადის მიცემისა, ბიზნესს რეგლამენტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვებიც აქვთ, რომელიც უნდა დაზუსტდეს. ბიზნესომბდსმებს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწევენ.

























