საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის ბოლო პროექტში მიწების გასხვისების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი არ არის. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებს შორის ამ საკითხზე ჯერ კიდევ აზრთასხვადასხვაობაა.
ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და საკონსტიტუციო კომისიის წევრის გედევან ფოფხაძე ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე შეზღუდვების გათვალისწინების მომხრეა. ამის შესახებ მან „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვისაც პრინციპულად მოგვაჩნია, რომ მიწა არის ამოწურვადი სიკეთე, რომელზეც სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის რეჟიმი შეუძლია, დააწესოს და უნდა დააწესოს კიდეც, თუ ეს კონსტიტუციაში აისახება, კარგი იქნება. ეს მართალია არა ჩვენი, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა იყო, მაგრამ იდეის დონეზე ეს აბსოლუტურად გასაზიარებელია. მგონია, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული უფლებები და მოვალეობები, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ვალდებულებას, რომ ჯარში იმსახურონ, ეს არის სწორედ ის სამართლებირივი კავშირი, რაც მოქალაქეობის ინსტიტუტთან არის თანმდევი. მიწის საკუთრების უფლებაც არის მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული ამ საკითხთან“, – მიიჩნევს ფოფხაძე.
საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე კი „საქმის კურსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მან რამდენიმე კოლეგასთან ერთად კომისიაში საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს, რაც წევრების უმრავლესობამ გაიზიარა.
„მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ წამოვაყენეთ ინიციატივა, რომელიც ერთგვარი შუალედური ვერსია იყო. ის გვთავაზობდა ხედვას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებული იქნება მიწის რეგულირების კანონმდებლობა შეიმუშაოს და განასხვავოს სხვა ტიპის ნივთების ყიდვა–გაყიდვისა და სარგებლობის რეგულირებისგან. ამდენად, საბოლოო ჯამში მივიღებთ რეალობას, რომლის მიხედვით, რეგულირებები გავრცელდება ყველაზე მიუხედავად იმისა, საქართველოს პასპორტი უდევს ჯიბეში, თუ – სხვა ქვეყნის. საბოლოოდ, ეს ხედვა გაზიარებულ იქნა კომისიის მიერ და სავარაუდოდ ამ სახით გავა კენჭისყრაზე“, – გაბაცხადა მენაბდემ.
არსებული კონსტიტუციის პროექტის მე–17 მუხლში წერია, რომ „მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს კანონი“.
საკონსტიტუციო კომისია დოკუმენტის პროექტზე მუშაობას 18 აპრილს განაახლებს.

























