მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გეფა“ "ჰუმანას” წარმომადგენლობას ყიდულობს - კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

გეფა

სს „გეფა“ ბავშვთა კვების ბაზარზე გაძლიერებას გეგმავს და ამ მიზნით, „ჰუმანას” ბრენდის ადგილობრივ წარმომადგენლობას ყიდულობს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ბავშვთა კვების ბაზარზე, სს „გეფას“ მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ (ჰუმანა) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

სააგენტოს შეფასებით, განსახორციელებელი კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ მოახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

"დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შეფასების მიზნით, სააგენტომ 4 შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონე შეისწავლა. შეფასების მიხედვით: დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ბაზარზე (0-დან 12 თვემდე) 2024 წელს მოქმედებდა 11 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 1 837 641 ცალს (28 972 931 ლარი); დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ბაზარზე (1-დან 3 წლამდე) მოქმედებდა 8 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 407 870 ცალს (5 906 678 ლარი); რძიანი და ურძეო ფაფების ბაზარზე 2024 წელს მოქმედებდა 11 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 2 902 422 ცალს (12 206 886 ლარი); საბავშვო კვების მზა პროდუქტების (პიურე, იოგურტი, პუდინგი და სხვა) ბაზარზე ოპერირებდა 12 ეკონომიკური აგენტი, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 3 347 256 ცალი (7 023 803 ლარი).

GCCA-ის შეფასებით, ოთხივე ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია და მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი შესაბამისი ბაზრების იმპორტის დონეზე არ არის წარმოდგენილი ბევრი ეკონომიკური აგენტი, ბაზრები კონკურენტულია. ამასთან, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის ფარგლებშია",- აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.

როგორც კომპანიების მიერ სააგენტოში წარდგენილ განაცხადშია აღნიშნული, "გეფა" გეგმავს „ჰუმანას“ ბრენდინგის გაუმჯობესებას, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას როგორც ბავშვთა კვების მიმართულებით, ასევე მომიჯნავე კატეგორიებში და ახალი სადისტრიბუციო არხების შემუშავებას. მიზანი კი „ჰუმანას” ბრენდის წარმომადგენლობის გაფართოებაა რეგიონში, სადაც მზარდი მოთხოვნაა ბავშვთა კვების პროდუქციაზე.

"სს „გეფა“ ოპერირებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზეც და ჩართულია როგორც საცალო, ასევე საბითუმო და სადისტრიბუციო ბიზნესში. ამ ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, რეგიონში ვაჭრობის დაგროვილი გამოცდილება სს „გეფას“ დაეხმარება ბრენდის წარმომადგენლობის რეგიონის მასშტაბით გაფართოების პოტენციალის რეალიზაციაში",- აღნიშნულია კონცენტრაციის მიზნებზე კომპანიის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, "ჰუმანას" ბრენდის წარმომადგენელი შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ 70%-იანი წილის მფლობელი და პარტნიორია თეიმურაზ კონიაშვილი, 10%-იანი წილის მესაკუთრედ აღრიცხულია თამარი კონიაშვილი, ასევე 10-10%-იან წილებს ფლობენ ანა კონიაშვილი და კაროლინა კონიაშვილი კუზნეცოვა.

რაც შეეხება სს „გეფას“, მისი აქციების 97.80293%-ის მფლობელია სს „საქართველოს ფარმაციის ჯგუფი“, ხოლო 2.19707%-სა - მიხეილ აბრამიძე. თავის მხრივ, სს „საქართველოს ფარმაციის ჯგუფის“ აქციების 100%-ს სს „საქართველოს კაპიტალი“ ფლობს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ GEORGIA CAPITAL PLC (GCAP)-ს ეკუთვნის.

ინფორმაციისთვის: GCCA-სთან წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება. 2025 წელს, სააგენტომ 10 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები