მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგი ქელბაქიანი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა დღეს, არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის განმსაზღვრელი

60b498ed4d029
BM.GE
31.05.21 12:01
4110
განვითარებადი და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისთვის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაში, უმნიშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდეს საბიუჯეტო ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს ნებისმიერი დანიშნულების ინფრასტრუქტურას ეხება. საბიუჯეტო ინვესტიციების მოცულობის ზრდა განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკამ კატასტროფული ვარდნა განიცადა და დროებით, მაგრამ მაინც, შეიზღუდა უცხოური ინვესტიციების წყაროები.

საკმარისია თუ არა დღეს საბიუჯეტო ინვესტიციები საქართველოს ინფრასტრუქტურის ადეკვატური ტემპებით განვითარებისთვის, მზად არის თუ არა ქართული სამშენებლო სექტორი კვალიფიკაციისა და ტექნოლოგიების ათვისების თვალსაზრისით ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების თანამედროვე, ინოვაციური, შემოქმედებითი მიდგომებით რეალიზებისთვის – ამ და სხვა საკითხებზე კომპანია „ენსისი“–ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გეგი ქელბაქიანი გვესაუბრება:

– ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში საბიუჯეტო ინვესტიციების მოცულობა სოლიდური უნდა იყოს და მუდმივად იზრდებოდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას?

– ზოგადად, მშენებლობის სფეროს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ ეკონომიკაში და მასზე უშუალოდ მშპ-ის თითქმის 10% მოდის. თუ გავითალისწინებთ ვაჭრობის იმ სეგმენტსაც, რომლის მუშაობაც უშუალოდ მშენებლობებზეა დამოკიდებული, ეს წილი ჯამურად მშპ–ის 30%–საც კი აჭარბებს. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რომელზეც მშენებლობის უდიდესი წილი მოდის და მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში.

ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ნებისმიერი სხვა დარგის განვითარებისთვის, მაგალითად, რეგიონები ვერ განვითარდება, თუ არ მოხდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის, საკანალიზაციო სისტემის, ადგილობრივი საგანმანათლებლო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის სრულყოფა. ასევე, ვერ იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის ეფექტური კავშირი გარე სამყაროსთან, თუ არ განვითარდა სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ეს განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს (“Crossroad”). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსგავსი პროექტები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ქვეყნის ისეთი სექტორების განვითარებისთვის, როგორებიცაა ტურიზმი, რეგიონების განვითარება და ამასთან, განსაკუთრებულია საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლი. ამას ემატება განათლება (სკოლების რეაბილიტაცია), სპორტი (მოედნები, სპორტული კომპლექსები), რაც აუცილებელია მომავალი თაობის აღზრდისა და განვითარებისთვის.

დღეის მდგომარეობით, საქართველო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვეტიციო ბანკის და ა.შ. საინვესტიციო მხარდაჭერით.
გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად არის ქვეყნის სამშენებლო სექტორი მზად იმისათვის, რომ სამუშაოების ამხელა მოცულობას გაუმკლავდეს. ამას ემატება ისეთი საკითხები, როგორებიცაა მშენებლობამდე მნიშვნელოვანი საპროექტო-საძიებო სამუშოების ჩატარება, რაც უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანია მონაწილეობდეს და მეტი ადგილობრივი დასაქამდეს, რათა როგორც გამოცდილების შეძენის, დოვლათის დაგროვების სარგებელი დარჩეს ქვეყანაში და ნაკლებად გავიდეს ქვეყნის გარეთ.
მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორცილება. ეს არის დიდი შესაძლებლობა ახალი ტექნოლოგიების შემოტანისთვის.

მთავარი კი ისაა, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობა დღეს, არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის განმსაზღვრელი, ჩვენ არა მარტო იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდებათ ადამიანებს დღეს, არამედ მუდმივად გავითვალისწინოთ მომავლის საჭიროები და ხვალინდელი დღის მოთხოვნები.

– თქვენი პასუხის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე, პირობითად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რამდენად კარგად განვითარდნენ ქართული კომპანიები და აკმაყოფილებენ თუ არა დღეს თავისი კვალიფიკაციით, ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვილობით რთული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო მოთხოვნებს?

– დღესდღეისობით, ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრატრუქტურული პროექტები მეტწილად უცხოური კომპანიების მიერ ხორციელდება, რადგანაც ქართული კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ დონორი ორგანიზაციების მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ხშირად ქართულ კომპანიებს მათ ქვეკონტრაქტორებად, ცალკეული მცირე სამუშაოების შემსრულებლებად უწევთ მუშაობა.
ეს გარკვეულწილად შემაფერხებელი ფაქტორია ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის, მაგრამ ამავდროულად, განვითარების, მეტი ცოდნის მიღების, ახალი ტექნოლოგიების დაუფლების შესაძლებლობაცაა, ასევე, ადგილობრივი მუშახელის მეტად განვითარებისთვის, საინჟინრო ელიტის ჩამოყალიბებისთვის, მეტი მაღალი კვალიფიკაციის კადრების გაზრდისა და კომპეტენციის დაგროვებისთვის. დღეს, პრაქტიკულად არ არის ისეთი ქართული სამშენებლო კომპანია, რომელიც შეძლებდა ღირსეულად გასულიყო აღმოსავლეთ ევროპის ან/და რეგიონულ ბაზრებზე მაშინ, როდესაც თურქული, აზერბაიჯანული კომპანიები წარმატებით იმარჯვებენ საქართველოს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებში.

სასურველია, სახელმწიფომ, ერთის მხრივ, გარკვეული ნაბიჯები გადადგას ისეთი შესყიდვების სისტემის/კანონმდებლობის შესაქმნელად, რომელიც წაახალისებდა სამშენებლო კომპანიების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და თანამშრომლების კვალიფიკაციების ამაღლებას. მეორეს მხრივ კი, ქართულმა კომპანიებმა უნდა მოახერხონ ცალკეული პროექტების გარშემო კონსოლიდაცია, გაერთიანებული ძალებით მიუდგნენ ამ გამოწვევას და არ იყვნენ ორიენტირებული ზედმეტ კონკურენციაზე ასეთ შემთხვევებში. ეს იქნებოდა სტიმული მეტი ინოვაციისთვის, მეტი ახალი ტექნოლოგიის დანერგვისა და მეტი მაღალი კომპეტენციის შექმნისთვის ქვეყანაში.

ასეთ შემთხვევაში, მთელი სექტორისთვის ხვალინდელი დღე ბევრად უფრო დიდ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს ქმნის, ვინაიდან მისთვის საერთაშორისო ბაზარი იქნება ხელმისაწვდომი.

ენსისი ისევე როგორც სექტორში ჩართული სხვა კომპანიები, ამას ვაკეთებთ, თუმცა ეს ხდება ჩვენი ხედვის, მიდგომებისა და რესურსების ხარჯზე და მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან ასეთი საკითხების მეტი ხელშეწყობა მოხდეს.

– რომელ ტექნოლოგიებს გამოყოფდით, რომლებიც თქვენ შემოიტანეთ და დანერგეთ საქართველოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და რა ეფექტი მიიღეთ ამ სიახლეებით?

ენსისი–ს მიდგომა ყოველთვის იყო და არის თანამედროვე სტანდარტი, მაღალი ხარისხი, რაც ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით არის უზრუნველყოფილი. ეს შეეხება სხვადასხვა მიმართულებას: სამშენებლო მასალას, ლითონის სამუშაოებს, საიზოლაციო სამუშაოებს, განათებას, ასფალტის ე.წ. ფორმულას და სხვა.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ხედვაა, რომ ნებისმიერი სამუშაო, რასაც ვაკეთებთ, ადამიანების ცხოვრების წესსა და ხარისხზე უნდა ახდენდეს პოზიტიურ გავლენას. ეს ხედვა კი სხვადასხვა მიმართულებით ინოვაციების, სიახლეების მუდმივ დანერგვას ეფუძნება. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთ ღონისძიებებს კომპანიისთვის ფისკალური ეფექტი ფაქტობრივად არ გააჩნია და უფრო ემოციურ კმაყოფილებას იწვევს და სრულყოფის, მეტი განვითარების მიზნით კეთდება.

– პანდემიის პერიოდში თითქმის ნულამდე დავიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა თავისი ინფრასტრუქტურით მზად დახვდეს პოსტ–პანდემიურ პერიოდს, მათ შორის ტურიზმის ახალ ბუმს?

– ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება ქვეყანაში, პრაქტიკულად, მეტწილად პასუხობს დასმულ კითხვას. კერძოდ, ტურიზმისთვის მნიშვნლოვანია მოწესრიგებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარებაც ინტენსიურად მიმდინარეობს, აეროპორტები, რომელიც, როგორც ვიცით, ასევე, ფართოვდება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქუთაისის ჰაბი... ასევე, ბოლო პერიოდში დაიწყო ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა რეგიონებში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების, შიდა გზების მოწესრიგება. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონებში ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, აუცილებელია, გაიზარდოს ინვესტიციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღსადგენად და დაცული ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტურქტურის განვითარებისთვის, რაც მიზიდულობის ახალ წერტილებს შექმნის.

... და რაც მთავარია - ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხოვრების ხარისხის (Quality of Life) გაუმჯობესებაში. შესაბამისად, თითოეული ახალი სკოლა, ხიდი, ესტაკადა თუ სარეკრეაციო ზონის მშენებლობა გავლენას ათასობით მაცხოვრებლის ყოფაზე ახდენს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, „ენსისი–ს მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, როგორებიცაა მზიურის პარკი, დედაენის ბაღი, დუშეთის ცენტრალური პარკი, რომლებიც მუდმივად სავსეა დამსვენებლებით და მათი განსხვავებული ცხოვრების ხარისხს, სტილს განაპირობებს. ამავე დროს, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამა თუ იმ ობიექტს, თუკი ის მანამდე არსებობდა და თავისი ისტორიის მატარებელია, არ დავუკარგოთ ავთენტურობა და ადამიანებმა სწორედ მათი საყვარელი ადგილის განახლებული სიცოცხლით მიიღონ სიამოვნება.

რაც შეეხება ახალ პროექტებს, იქ ფუნქციონალია უმთავრესი, თუმცა სტანდარტი, აქაც განმსაზღვრელია, ამის მაგალითია, ვაშლიჯვრის ესტაკადა, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა მოძრაობა, იმ ათობით ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც თბილისის მასშტაბით განხორციელდა ბოლო წლებში და სხვა.

ე.წ. Quality of Life არის ევროპული მიდგომა, თუმცა მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად განვითარებული საბანკო სისტემა, ტელეკომუნიკაციები და სხვა, აუცილებელია, გვქონდეს ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს მაღალი ხარისხისთვის ის მიმართულებები, როგორებიცაა ტრანსპორტი, ველობილიკები და სხვა. ენსისი–ს ყველა პროექტი სწორედ ამ მიდგომას ითვალისწინებს და ორიენტირებულია მომხმარებელზე, მათი ცხოვრების ხარისხისა და სტილის გაუმჯობესებაზე. ამას უზრუნველვჰყოფთ ხარისხიანი მშენებლობითა და ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მასალების, შესაბამისი მიდგომების და გადაწყვეტების დანერგვით. სწორედ ამ მიდგომებით ვაკეთებთ პარკებს, შენობებს, ვაგებთ გზებსა და ხიდებს, ვაშენებთ გვირაბებს და ა.შ. „ენსისი“–ს რთული და კომპლექსური პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს და ხარისხი ყოველთვის მისი მთავარი ნიშანია. ეს ყველაფერი კი ჩვენი, ამ გარემოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.





(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები