ესტონელი ინვესტორის ოლეგ ოსინოვსკის განცხადებით, ის საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი ლატვიური კომპანია Dzintars-ის ქარხნის გახსნას მოიაზრებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" განაცხადა.
"Dzintars-ის პროექტი ძალიან კარგად მიდის. ჩვენ დღეს ვიყიდებით, მაგალითად, Dubai Mall-ში. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია. დღეს, ჰოლანდიელი სტომატოლოგები მომხმარებელს ჩვენი კბილის პასტის გამოყენებას ურჩევენ მანამ, სანამ სტომატოლოგთან მივლენ. ანუ ეს უმაღლესი დონეა. ჩვენი ერთ-ერთი კბილის პასტა New York Times-მა წლის აღმოჩენადაც აღიარა. თან ყოველგვარი ლობის გარეშე, უბრალოდ თავად იპოვა და აღიარა. ანუ მე ვიტყოდი, რომ Dzintars-ის საქმე ძალიან კარგად მიდის და ჩვენ გეგმებში გვაქვს Dzintars-ის ქარხნის გახსნაც საქართველოში", - განაცხადა ინვესტორმა.
ოსინოვსკის სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს აქვს რამდენიმე სავაჭრო შეთანხმება, რაც ამ კომპანიისთვის ექსპორტის თვალსაზრისით მომგებიანი იქნება.
"საუბარია კოსმეტიკის ქარხანაზე. ეს გეგმებშია, რადგან საქართველოს დღეს აქვს რამდენიმე სავაჭრო შეთანხმება, მაგალითად, უზბეკეთთან, სადაც საბაჟო ტარიფები უფრო დაბალია, ვიდრე ვთქვათ, ევროკავშირთან. ამიტომ ჩვენ დღეს ამ საკითხს განვიხილავთ და, შესაძლოა, ჩვენ გავხსნათ ფაბრიკა", - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ Dzintars-ის თანამფლობელია ოლეგ ოსინოვსკის კომპანია Skinest Rail-ი, რომელიც სარკინიგზო სერვისების მიმწოდებლადაა ცნობილი. თუმცა ამ კომპანიის ქვეშ სხვა არაერთი ბიზნესია თავმოყრილი, მათ შორის "თბილისი ჰილსიც".
"ჩვენ ზოგადად სარკინიგზო კომპანია ვართ, ძალიან აქტიურად ვვითარდებით. ვყიდულობთ ახალ ლოკომოტივებს, ახალ ვაგონებს. ჩვენ პროფესიონალურად ვართ დაკავებული რკინიგზით. ეს ჩვენი ძირითადი ბიზნესია და ბევრი სხვაც, რა თქმა უნდა", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, Dzintars-ი კოსმეტიკის და ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი ლატვიური კომპანიაა, მას წარმოების 70-წლიანი ისტორია აქვს.




























