პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებული კომპანიის „მადამ მდე“-ს დირექტორი ალექსანდრე რატიშვილი bm.ge-სთან ყვება, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პროდუქციის საშუალოდ 12%-ით გაძვირება მოუწიათ.
„მოგეხსენებათ, კომუნალურების გადასახადი გაიზარდა, ლარის გაუფასურებამ კი ყველა ის ნედლეული გაგვიძვირა, რომლის იმპორტსაც ვეწეოდით, ნედლეულის ფასი მომწოდებლებმაც გაგვიზარდეს, აღსანიშნავია ისიც, რომ „მადამ მდე“ პროდუქციის დისტრიბუციას თავად ეწევა, შესაბამისად, საწვავის გაძვირებამაც დიდი გავლენა იქონია. საბოლოოდ, ეს ყველაფერი თვითღირებულებაზე აისახა და იძულებულები გავხდით, პროდუქტზე ფასი მოგვემატებინა“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ალექსანდრე რატიშვილის თქმით, ბიზნესს ხვალინდელი დღის დაგეგმვის შესაძლებლობა არ აქვს.
„გეგმებით სავსე საქაღალდეები გვაქვს; არა ერთი საინტერესო პროდუქტის გამოშვება შეგვიძლია, მაგრამ ყოველი ახალი ნაწარმი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, ბაზრის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, რთულია განსაზღვრო, თუ რამდენად ამოიღებ ამ თანხას. შესაბამისად, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ“ - აღნიშნავს რატიშვილი.
ცნობისთვის: „მადამ მდე“-ს ნაწარმი „მაკდონალდსა“ და 500-მდე სავაჭრო ობიექტში რეალიზდება, კომპანია 1999 წლიდან ფუნქციონირებს და 50 ადამიანს ასაქმებს.