მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾1-მილიონიანი ინვესტიციით "ჰერბიას" ახალი სათბური წყალტუბოში წელს ამოქმედდება|კომპანიის გეგმები

საქართველოს სათბურის კორპორაცია სათბური კიტრი

მიმდინარე წელს წყალტუბოში „ჰერბიას“ ახალი სათბური შევა ექსპლუატაციაში. როგორც BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განაცხადა, ინვესტიცია 1 მილიონ ლარამდეა.

"ჰერბია დაგეგმილი წესით ვითარდება. მოკლედ რომ გითხრათ, წარმოების და გაყიდვების 20%-იანი ზრდა ყოველწლიურად გვაქვს და ამას გავაგრძელებთ ალბათ მომავალშიც.

მიმდინარე წელს, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით 1-ჰექტრიანი სათბური შედის ექსპლოატაციაში. შემოდგომიდან უკვე სრულ ფაზაში იქნება და გაეშვება თავისთავად. ინვესტიცია 1 მილიონი ლარის ფარგლებშია",- ამბობს ზურაბ ჯანელიძე.

ამასთან, კომპანია აგროტურიზმის მიმართულებას ავითარებს.

"აგროტურიზმის, ღვინის და კულინარიული ტურიზმის თემა არსებობს ჩვენთან, წინასწარ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საქმიანობა და ამის განვითარება უკვე ამ წელში იქნება გამოხატული. ეს გათვლილია არა მარტო უცხოელებზე, ადგილობრივებზეც და ამასთან ერთად, უფრო შემეცნებითი ხასიათის მიმართულებას ვუყრით საფუძველს, სადაც თინეიჯერები, ბავშვები და მოზარდებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები ბუნებასთან კავშირის და სხვადასხვა საკითხებში. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოები ვიქნებით",- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მან BMG-სთან ასევე ისაუბრა გამოწვევებზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და კადრების/ტექნოლოგიების ნაკლებობა გამოყო. ზურაბ ჯანელიძის თქმით, მინისტრ დავით სონღულაშვილთან შეხვედრაზე სექტორის გამოწვევების შესახებ დაისვა კითხვები.

"პირველი შეხვედრა იყო პრობლემების თაობაზე და დაისვა კითხვები, რა გამოწვევებია სასათბურე მეურნეობის კუთხით. მომდევნო შეხვედრის დროს უკვე საფუძვლიანად იქნება საუბარი.

რაც შეეხება პრობლემებს, არსებობს ზოგადად გამოწვევები სოფლის მეურნეობაში. ეს არის ადამიანური რესურსების ნაკლებობა, ტექნოლოგიების ნაკლებობა და ამ კუთხით ნამდვილად ვისურვებდი ქვეყანაში განვითარება იყოს",- აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.

“ჰერბიამ” საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი გახდა. "ჰერბიას” სათბურები მდებარეობს იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. კომპანია ფლობს თანამედროვე სათბურებსა და ბოსტნეულის შესაფუთ საწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები