მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾1 მლნ-ის ანაბარი და $200 000-მდე ღირებულების მანქანები - რა ქონების მფლობელია "ოცნების" დეპუტატი და ჩემპიონი ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე

„ოცნების“ დეპუტატმა და ყოფილმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის წევრს გასული 2025 წლის განმავლობაში ოთხი მანქანა აქვს ნაყიდი, ჯამურად დაახლოებით 200 000 დოლარის ღირებულების. მათ შორის სამი მანქანა თავის სახელზე, ხოლო ერთი - მეუღლის ანა დემურიას სახელზეა რეგისტრირებული.

უძრავი ქონება

გარდა ყიდვისა, გასულ წელს ლაშა ტალახაძეს და მის მეუღლეს გაყიდული აქვს რამდენიმე მანქანა, ჯამში 160 000 დოლარის ღირებულების. კერძოდ, 95 000 დოლარად BMW XM 2024, 20 000 დოლარად - DODGE RAM 1500 BIG HORN და 45 000 დოლარად - TOYOTA PRADO 2021. მის მეუღლეს ასევე გასხვისებული აქვს მიწის ნაკვეთი 440 000 აშშ დოლარად.

რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, “ოცნების” დეპუტატის მეუღლეს ანა დემურიას გასულ წელს ბინების შეძენის მიზნით გადახდილი აქვს 84 000 ლარი და 85 500 ლარი, თუმცა, აღნიშნული ბინები ჯერ არ არის საკუთრებაში რეგისტრირებული. მათ შორის, დეკლარაციის მიხედვით, ერთი ბინის შემთხვევაში ხელშეკრულება დადებულია ზეპირად შპს "მაზასთან", მეორე კი შპს "ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფთან".

გარდა ამისა, ლაშა ტალახაძე და მისი მეუღლე 19 მიწის ნაკვეთს და ბინას ფლობენ, რომლებიც წინა წლებში სხვადასხვა დროს აქვთ ნაყიდი. მათ შორის თბილისში, ბათუმში, დუშეთში, მცხეთაში. დეკლარაციაში ასევე მითითებულია 370 კვ.მ ტერასა, რომელიც თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე 2021 წელს, ტალახაძეს 30 000 დოლარად აქვს ნაყიდი.

ხელფასი და სხვა შემოსავლები

ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, „ოცნების“ დეპუტატს უფიქსირდება 1 მლნ ლარის ანაბარი და 10 000 აშშ დოლარის დანაზოგი, ანა დემურიას კი დანაზოგი 12 000 ლარის ოდენობით. ტალახაძის მეუღლეს ასევე შემოსავლის სახით მიღებული აქვს ანაბრის თანხა 21 043 აშშ დოლარი.

ლაშა ტალახაძეს 2025 წლის განმავლობაში პარლამენტის დეპუტატობისთვის ხელფასის სახით 112 688 ლარი აქვს აღებული, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით 12 226 ლარი. გარდა ამისა, მას ოლიმპიური ჩემპიონის პენსიის სახით აღებული აქვს 24 000 ლარი, ხოლო ოლიმპიური ნაკრების წევრთა სტიპენდია - 66 000 ლარი.

სხვა შემოსავლის სახით ლაშა ტალახაძეს მიღებული აქვს შემდეგი ოდენობის თანხები:

  1. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გაცემული სესხის ნაწილის დაბრუნება - 173 800 ლარი, 83 200 ლარი, 230 100 ლარი და 26 100 აშშ დოლარი
  2. მოძრავი ნივთების გასხვისება - 77 750 ლარი და 4500 აშშ დოლარი

ხარჯები

რაც შეეხება გასავლებს, გასული წლის განმავლობაში ლაშა ტალახაძეს შპს ელ.ბი.ჯეო გრუპის დამფუძნებლის შენატანის სახით, გადახდილი აქვს 40 000 ლარი, ძმისთვის ნაჩუქები აქვს 34 000 ლარი, სარემონტო ხარჯებად მითითებული აქვს 47 700 ლარი, ხოლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯებად - 7500 ლარი. გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებული აქვს: საოჯახო ხარჯები - 2500 აშშ დოლარი, გადახდილი აქვს ქონების გადასახადიც - 10 100 ლარის ოდენობით.

ამასთან, გაცემული აქვს ზეპირი შეთანხმებით სესხები შემდეგი ოდენობებით: 147 700 ლარი, 45 300 ლარი, 41 900 ლარი, 80 000 აშშ დოლარი, 38 500 ლარი. ზეპირი შეთანხმებით სესხების აღება და დაბრუნება უფიქსირდება მის მეუღლესაც.

ლაშა ტალახაძეს ქველმოქმედებისთვის გასულ წელს 21 800 ლარი, მის მეუღლეს კი - 16 000 ლარი აქვს დახარჯული.

ლაშა ტალახაძეს 2025 წლის განმავლობაში უფიქსირდება არაერთი სესხის გასავალიც. მათ შორის 23 013 ლარი, 4 733 აშშ დოლარი, 5 697 ლარი, 48 719 ლარი, 23 854 აშშ დოლარი, 26 452 ლარი, 27 762 აშშ დოლარი, 732 930 ლარი (ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი).

სამეწარმეო საქმიანობა

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, ლაშა ტალახაძე არაერთი შპს-ს მეწილეა. მათ შორის:

  1. შპს ელ.ბი.ჯეო გრუპი (50%). წილი 2026 წლის 4 მარტიდან გადაცემული აქვს სამართავად ბაკურ გოგოჭურზე. თუმცა გასულ წელს ტალახძეს აღნიშნული კომპანიიდან მიღებული აქვს 70 000 ლარი.
  2. შპს ლტ კომპანი (50%). წილი გადაცემულია სამართავად 2026 წლის 04 მარტიდან - გიორგი აფაქიძეზე. თუმცა შემოსავლის სახით ამ კომპანიიდან მიღებული აქვს 80 000 ლარი.
  3. შპს გურმანი 777 (50%). წილი 2026 წლის 4 მარტიდან გადაცემული აქვს სამართავად გიორგი ტალახაძეზე.
  4. შპს ჰილსაიდინი (26%). წილი 2026 წლის 4 მარტიდან გადაცემული აქვს სამართავად გიორგი ტალახაძეზე.
  5. შპს ლაშა ტალახაძის სახელობის ოლიმპიური ბანაკი (100%). წილი 2026 წლის 4 მარტიდან გადაცემული აქვს სამართავად გიორგი ტალახაძეზე.

"ჰილსაიდს", რომლის მეწილეც ლაშა ტალახაძეა, მთავრობამ საინვესტიციო ვალდებულება შეუცვალა

ცნობისთვის, ლაშა ტალახაძეს ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ის 1993 წელსაა დაბადებული. 2024 წელს, "ოცნების" სიით პარლამენტის წევრი გახდა.

პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ლაშა ტალახაძე სულ 1327 კენჭისყრას ესწრებოდა, სადაც 1323-ის შემთხვევაში კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 4-ის შემთხვევაში კი - არა. ასევე 157 შემთხვევაში კენჭისყრას არ ესწრებოდა, ან არ დაუფიქსირებია ხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები