მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾100 მილიონიანი ნებადართული კაპიტალით ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია დარეგისტრირდა

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია დარეგისტრირდა.

100 მილიონი ლარის ნებადართული კაპიტალით 27 იანვარს, სამეწარმეო რეესტრში სააქციო საზოგადოება „ჯი სი ეფ საქართველო“ დარეგისტრირდა. კომპანიის განთავსებული კაპიტალი 100 000 ლარია, განაღდებული - 25 000 ლარს შეადგენს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა.

ამ ეტაპზე სააქციო საზოგადოებას სამკაციანი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს (ივანე ხვედელიძე, ირინე ქინქლაძე, გელა კობერიძე). კომპანიის დირექტორად კი დავით გალუაშვილი დაინიშნა. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორიც არის 2024 წლის ივლისიდან. მანამდე წლების განმავლობაში "ბანკ ქართუ"-ში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ივანიშვილი საქართველოში ფლობდა „ჯი სი ეფ პარტნიორებს“ და „ჯი სი ეფ ჰოლდინგ ჯორჯიას“. ამ უკანასკნელის 100% -ს თავის მხრივ პანამაში რეგისტრირებული „ფრენკსტონ ინტერნეიშენალი“ ფლობს. ამ ორივე კომპანიასთან იყო დაკავშირებული "თანაინვესტირების ფონდი", რომელიც ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2013 წელს დააფუძნა სხვადასხვა სექტორში ინვესტირებისთვის.

კიდევ ერთი ახალი კომპანიის დაფუძნება კი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოფშორული ზონებიდან აქტივების გამოტანასთან არის კავშირში.

ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების ნულოვანი საგადასახადო პრივილეგიებით აქტიურად სარგებლობდა, რისთვისაც ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე, კაიმანსა და ბელიზზე ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ქსელს ფლობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ის აქტიურად ახორციელებს ოფშორული ზონებიდან აქტივების გამოტანას და ამ მიზნით, საქართველოში მასთან აფილირებული რამდენიმე ახალი კომპანიაც დაფუძნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები