აპრილის თვეში პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები დანამატის სახით ₾1.3 მლნ-ს მიიღებენ. სასამართლოს გუშაგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის შესახებ.
კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, დანამატის სახით მიიღებს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს.
ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების წესის გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფართო დისკრეციას ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, მოსამართლეზე გავლენის მოხდენის რისკს ზრდის. მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, ხოლო დანამატებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
დანამატების ოდენობა ან მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, ნებისმიერი ოდენობის დანამატი გასცეს მოსამართლეებზე.
სტუმარი: ნაზი ჯანეზაშვილი - „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი;