მაღალმთიან აჭარაში, ზღვის დონიდან 2 027 მეტრ სიმაღლეზე მდებარე კურორტი გოდერძი განვითარების ახალ, მასშტაბურ ეტაპზეა. თუ აქამდე ის ძირითადად გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთა ლოკალურ წერტილად აღიქმებოდა, დღეს კურორტის გარშემო 200 მილიონ ლარზე მეტი კერძო ინვესტიცია, მსხვილი საგზაო პროექტები და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები იყრის თავს.
BM.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა კურორტის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, რამდენად იცავს ინვესტორებს გენერალური გეგმა და რა პოტენციალი აქვს გოდერძის, იქცეს ოთხსეზონიან რეგიონულ ცენტრად - და შესაბამისი კითხვებით ხულოს მუნიციპალიტეტსა და დარგის ექსპერტებს მიმართა.
თოვლი, სიმაღლე და უნიკალური ბუნება - გოდერძის მთავარი უპირატესობა
გოდერძის მთავარი კაპიტალი მისი გეოგრაფიული მდებარეობა და უნიკალური მიკროკლიმატია. შავ ზღვასთან სიახლოვე (ბათუმიდან სულ რაღაც 109 კილომეტრი) განაპირობებს უხვ ნალექს, რის გამოც ზამთარში აქ განსაკუთრებული ხარისხის, ე.წ. ფშუტე თოვლი იდება. ეს ფაქტორი სათხილამურო სეზონს ნოემბერ-დეკემბრიდან აპრილამდე ახანგრძლივებს.
კურორტის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 364 მეტრს აღწევს. ინფრასტრუქტურა კი საშუალო და რთულ ტრასებთან ერთად დამწყებთათვის განკუთვნილ მცირე არეალსაც მოიცავს. დამსვენებლებისთვის დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ კურორტის ძირითადი ბაზა ტყის ზოლის ქვემოთ, დაახლოებით 1 700 მეტრზეა განთავსებული, რაც სრიალის საშუალებას როგორც ალპურ ზონაში, ისე ხშირ წიწვოვან ტყეში იძლევა.
ამასთანავე, აქტიურად მუშავდება სათხილამურო არეალის გაფართოების გეგმა. BM.GE-სთვის ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „მთის ტრასების სააგენტოსთან“ (MTA) ერთად დაგეგმილია ახალი საბაგირო გზისა და ტრასის მოწყობა ჭანჭახის მთიდან გოდერძის უღელტეხილამდე და უღელტეხილიდან უშუალოდ კურორტამდე, რაც არსებულ ორ საბაგირო ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
რატომ არის ოთხი სეზონი გოდერძისთვის მნიშვნელოვანი
გოდერძის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა მისი მრავალსეზონიანი ბუნებაა, რაც კურორტს მთელი წლის განმავლობაში სტაბილური და უწყვეტი ეკონომიკური აქტივობის იშვიათ შესაძლებლობას აძლევს. BM.GE-სთან საუბარში ტურიზმის ექსპერტი ვანო ვაშაყმაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ სეზონზე ორიენტირებული კურორტებისგან განსხვავებით, გოდერძის უნიკალური გეოგრაფია, ზღვასთან სიახლოვე და მდიდარი ლანდშაფტი იდეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ის ოთხივე სეზონზე თანაბრად მიმზიდველ და ცოცხალ მიმართულებად დარჩეს:
„გოდერძს უნიკალური პოზიცირება აქვს. ის შეიძლება სწორედ ისეთი ადგილი იყოს, რომელსაც აქვს პრეტენზია ოთხსეზონიან კურორტზე და მისი ეკონომიკური სიმტკიცე დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ზღვასთან სიახლოვესა და სამოგზაურო ჯაჭვზე. მას სჭირდება გაზაფხულისა და შემოდგომის ხანგრძლივი პერიოდების ათვისება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მუდმივად ხარჯიანი იქნება. სწორედ ამიტომ, ის რეგიონალურ ჭრილში უნდა დავინახოთ - მივაბათ აჭარის მთიანეთს, სანაპიროს და სამცხეს. მაშინ ის ნამდვილად გახდება the place where you must stop - ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა გაჩერდე“, - განაცხადა ვანო ვაშაყმაძემ BM.GE-სთან.
კურორტის გენერალური გეგმა, რომელიც საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით შემუშავდა, ზუსტად ამ ხედვას პასუხობს. თოვლის დნობის შემდეგ გოდერძი დამსვენებლებს ეკო-ტურისტულ მარშრუტებს მწვანე ტბის, ხიხანის ციხისა და უნიკალური ნამარხი ტყის მიმართულებით სთავაზობს. გაზაფხულსა და ზაფხულში აქცენტი კეთდება სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, ველო-ბილიკებსა და სამკურნალო მინერალურ წყლებზე, მწვანე ტბასა და ახლომდებარე ბეშუმზე. ხოლო შემოდგომაზე - ტრადიციულ ფესტივალებზე, ხელოვანთა სარეზიდენციო სივრცეებსა და აგროტურისტულ ობიექტებზე, რაც ბათუმში მყოფი ვიზიტორებისთვის მიმზიდველ ალტერნატიულ მიმართულებას შექმნის.

ხულო-ზარზმის გზა და ახალი ინფრასტრუქტურა - რა ეტაპზეა სამუშაოები
კურორტის განვითარების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად აქამდე სატრანსპორტო წვდომა რჩებოდა. ამ მხრივ გარდამტეხი პროექტი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული გზა ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით 1.5 საათით შეამცირებს. 41 კილომეტრზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია.
BM.GE-ის კითხვაზე, რამდენად იქნება ზამთარში გზა გამტარუნარიანი, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია, უხვი ნალექით გამოწვეულ მეწყრულ მონაკვეთებზე კი აქტიური ფერდსამაგრი პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
პარალელურად, კურორტზე საჯარო სერვისების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში BM.GE-ს დაუდასტურეს, რომ Park & Ride სისტემის, ავტოსადგომების, თემატური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და სპეცტექნიკის (თოვლსატკეპნის) ანგარის მშენებლობა დასრულების პროცესშია და დათქმულ ვადებში სრულდება, უახლოეს დღეებში კი კურორტის შესასვლელიდან ცენტრალურ ნაწილამდე გზის მშენებლობაც დაიწყება.
200 მილიონი ლარის ინვესტიცია და გენგეგმა - რას ელიან ინვესტორები
დღეის მდგომარეობით კურორტზე უკვე ფუნქციონირებს 17 დასრულებული სასტუმრო-კომპლექსი, 29 კოტეჯი და 16 საოჯახო ტიპის სასტუმრო. ამასთანავე, აქტიურ სამშენებლო ფაზაშია სასტუმროს ტიპის კიდევ 11 ობიექტი.
დეველოპერული კომპანია BeOne Development-ის წარმომადგენელი ავთანდილ აროშიძე BMGTV-ის ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ კურორტზე განხორციელებული კერძო ინვესტიციების საერთო მოცულობა უკვე 200 მილიონ ლარს აღწევს და მზარდია. მისი თქმით, ინვესტორებისთვის გადამწყვეტია საერთაშორისო სპეციალისტების მიერ მომზადებული გენგეგმის სტაბილურობა, რომელიც 63 ჰექტარზე მეტ არეალს მოიცავს და ერთდროულად 7 000 დამსვენებლის მიღებაზეა გათვლილი:
„თუ გენგეგმა მკაცრად გაკონტროლდება და შენარჩუნდება შეზღუდვები როგორც სიმაღლის, ისე მჭიდრო განაშენიანების მხრივ, გოდერძი იქცევა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის. კურორტი სულ 63 ჰექტარზეა განლაგებული, ამიტომ თუ განაშენიანება არ იქნება მჭიდრო და თითოეული ჰექტარი ეფექტურად იქნება ათვისებული, ეს ფასს მხოლოდ გაზრდის“, - განაცხადა ავთანდილ აროშიძემ BM.GE-სთან.
მართლაც, გენგეგმის შესაბამისად, 6-7-სართულიანი განაშენიანება მხოლოდ ცენტრალურ ხეობაშია დაშვებული, ხოლო ფერდობებსა და ტყის პირას განაშენიანება მკვეთრად იკლებს 2-3 სართულამდე, რაც გამორიცხავს ალპური ლანდშაფტის ვიზუალურ გადატვირთვას და იცავს უნიკალურ ხედებსაც.
გენგეგმის ურყევობაზე ამახვილებს ყურადღებას Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძეც, რომელმაც BMG-ს დაუდასტურა, რომ მათ მიერ განხორციელებული 5 მილიონი ლარის ინვესტიცია სწორედ სახელმწიფოსთან მიღებულ მკაფიო პირობებს ეფუძნებოდა:
„გადაწყვეტილება დიდწილად იმან განაპირობა, რომ როდესაც ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, კონკრეტული პასუხი მივიღეთ, რომ გენგეგმიდან გადახვევა არ მოხდებოდა. ეს არის ჩვენი დაცულობა“, - აღნიშნა ბადრი ბოლქვაძემ BMG-სთან საუბარში.
სასტუმროს დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ დღეს კურორტი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 20-25%-ს იყენებს, ხოლო მეორე საბაგირო ხაზისა და დედაქალაქთან დამაკავშირებელი გზის დასრულების შემდეგ, ობიექტი მოკლე ვადაში სრულად რენტაბელური გახდება.
რა სჭირდება გოდერძის ცნობადობის გასაზრდელად?
გოდერძის განვითარებული ინფრასტრუქტურა კურორტს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირების მნიშვნელოვან საფუძველს უქმნის. დარგის სპეციალისტების შეფასებით, კურორტს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხ სეზონიან მიმართულებად ჩამოყალიბდეს, რასაც მისი პოპულარიზაცია და ცნობადობის ზრდა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
BM.GE-სთან საუბარში სასტუმროების მართვის კომპანია „რადარის“ ხელმძღვანელი მაია მახათაძე აღნიშნავს, რომ გოდერძის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მისი ერთიანი და მკაფიო ბრენდინგი იქნება, რაც კურორტის კონკურენტული უპირატესობების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
გოდერძი აერთიანებს ყველაფერს, რაც მაღალი კლასის მთის კურორტს სჭირდება: ხელუხლებელ ალპურ ბუნებას, საუკეთესო ხარისხის თოვლს, გამორჩეულ სიმყუდროვესა და ათეულობით მოქმედ თანამედროვე განთავსების ობიექტს. მკაცრად დაცული გენგეგმა კურორტს ქაოსური განაშენიანებისგან იცავს და მის პირვანდელ ხიბლს უნარჩუნებს. ეს ყველაფერი კი გოდერძის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, პერსპექტიულ და პრემიუმ მიმართულებად აქცევს - როგორც ხარისხიანი დასვენების მაძიებლებისთვის, ისე იმ კერძო ბიზნესისთვის, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ინვესტირებას განიხილავს.
























