მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾228-მილიონიანი გრიგოლეთი-ქობულეთის გზის კონტრაქტორთან ხელშეკრულება შეწყდა - სამინისტრო

გრიგოლეთი-ქობულეთის გზა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის კონტრაქტორ კომპანიას ოფიციალურად აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. პროექტზე თურქული კომპანია - ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAPA მუშაობდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზი კონტრაქტორის მხრიდან არაერთი ვალდებულების დარღვევაა. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, აქტიურად მიდის მუშაობა, რომ განახლდეს სამუშაოები და წელს მოესწროს პროექტის დასრულება.

„დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე, ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უკვე გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, განახლდეს სამუშაოები და უკვე წელს მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება,” - ამის შესახებ რევაზ სოხაძემ გურიაში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა.

პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.

ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია 11 კმ-იან მონაკვეთზე, თუმცა დარჩენილი 3 კმ-ზე სამუშაოები სერიოზული შეფერხებით მიმდინარეობდა.

გრიგოლეთი–ქობულეთის გზის მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში, 228 მილიონი ლარით ფინანსდება.

ამ გზის დასრულება უზრუნველყოფს სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პირდაპირ კავშირს ქობულეთის შემოვლით გზასთან, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის გამტარუნარიანობას და შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სამინისტრომ კომპანია რამდენჯერმე გააფრთხილა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წლის მაისში აცხადებდა, კონტრაქტორი კომპანია Polatyol & Mapa არ ასრულებდა ვალდებულებას და გრიგოლეთი-ქობულეთის გზის დასრულებას მკვეთრად აჭიანურებდა. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემაც შეაჩერა, რასაც მათი გაფიცვა მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები