მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾23 200 თვეში ფეხბურთის ფედერაციიდან, სახლი ბერლინში და €190-ათასიანი მანქანა - რა წერია ლევან კობიაშვილის ოჯახის დეკლარაციაში

ლევან წულეისკირი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 2025 წელს დაკავებული თანამდებობიდან ჯამში 278 402 ლარის ანაზღაურება მიიღო. ამის შესახებ მისი მეუღლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელის, თამარა წულეისკირის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც გასული წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს კობიაშვილის სახელზე 2025 წელს ფეხბურთის ფედერაციიდან ორი შემოსავალია ასახული – 169 209 ლარი და 109 193 ლარი, რაც ჯამში 278 402 ლარს შეადგენს. თვიურად კი ხელფასი 23 200 ლარი გამოდის.

რაც შეეხება თამარა წულეისკირს, მან 2025 წლის პირველ ნახევარში სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორის პოზიციაზე 30 989 ლარი, ხოლო 1-ელი ივლისიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის დირექტორის თანამდებობაზე 55 377 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ივლისის შემდეგ ცენტრი გაუქმდა.

დეკლარაციის თანახმად, ოჯახი თბილისში, ბაკურიანსა და გერმანიაში უძრავ ქონებას ფლობს. მათ შორისაა:

  • თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 233.2 კვ.მ და 193.6 კვ.მ ფართობის ბინები;
  • ბაკურიანში 68.3 კვ.მ ფართობის ბინა;
  • ბერლინში 91.3 კვ.მ ფართობის ბინა;
  • ბერლინში 780 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც 350 კვ.მ საცხოვრებელი სახლია განთავსებული (50%-50%-იანი თანამესაკუთრეობა);
  • წყნეთსა და ბაკურიანში მდებარე მიწის ნაკვეთები.

დეკლარაციის მიხედვით, თამარა წულეისკირი ასევე ფლობს 2013 წლის Mercedes-Benz-ს, რომლის შესაძენად 2020 წელს 190 000 ევრო გადაიხადა.

ფულადი სახსრების ნაწილში დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თამარა წულეისკირს საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის, 8 232.51 ლარი, ასევე ევროსა და დოლარის ანგარიშები აქვს, ხოლო ლევან კობიაშვილს სხვადასხვა ბანკში მიმდინარე ანგარიშებზე 6 805 ლარი, 2 350 ლარი და 150 ლარი ერიცხება.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი ნაღდი ფულის სახით ფლობს:

  • ლევან კობიაშვილი – 30 000 ევროსა და 12 000 ლარს;
  • თამარა წულეისკირი – 22 000 ევროსა და 15 000 აშშ დოლარს.

დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ თამარა წულეისკირმა თბილისში მდებარე ბინის გაქირავებიდან 2025 წელს 24 000 აშშ დოლარის (ლარის ეკვივალენტი) შემოსავალი მიიღო. ამასთან, ლევან კობიაშვილი „ბაზის ბანკის“ წინაშე ორ სასესხო ვალდებულებას ინარჩუნებს – 189 000 ევროსა და 390 000 ლარის ოდენობით, რომელთა მომსახურებისთვის 2025 წელს, შესაბამისად, 25 063.26 ევრო და 64 056.73 ლარი გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები