მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾400 000 ქველმოქმედებაზე და ₾3.5 მილიონის სამეწარმეო შემოსავალი - დაკავებული ლევან გამრეკელის დეკლარაცია

ლევან გამრეკელი
11.11.25 23:07
2141

ბიზნესმენი, ხაშურის საკრებულოში "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ლევან გამრეკელი დააკავეს. ინფორმაცია BMG-ის პროკურატურაში დაუდასტურეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

განახლება: პროკურატურის განცხადებით, ლევან გამრეკელი და კიდევ 2 პირი 5 მლნ ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენების ქურდობისთვის დააკავეს.

გამრეკელი წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. მას უახლესი ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 თებერვალს აქვს ჩაბარებული.

დოკუმენტის თანახმად, ლევან გამრეკელი არაერთ უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობს, სამეწარმეო საქმიანობიდან კი მხოლოდ 2024 წელს 3.5 მილიონ ლარამდე შემოსავალი აქვს მიღებული.

უფრო დეტალურად, ის და მისი მეუღლე, მარიკა მეტივიშვილი, ხაშურში და მის სოფლებში ჯამში 17 მიწის ნაკვეთს ფლობენ. ის ასევე ფლობს 2 ბინას და 3 საცხოვრებელ სახლს.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ლევან გამრეკელი ფლობს 14 ავტოსატრანსპორტო საშუალებას - როგორც მსუბუქ ისე სატვირთო ავტომანქანებს, დამატებით, ერთი ავტომობილია მისი მეუღლის სახელზე.

ჯამურად, ლევან გამრეკელის მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე 1,130,000 ლარი ფიქსირდება, მათ შორის 550 000 ლარი "ქართუ ბანკში".

დეკლარაციაში ასახულია 50 000 დოლარი ნაღდი ფულის სახით, რომლის მიღების წყაროდაც ფერმა აქვს მითითებული.

დოკუმენტში ასევე ასახულია 2024 წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 3,480,000 ლარის ოდენობით.

მან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე 2024 წელს 39 778 ლარის ანაზღაურება მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს "ქართუ ბანკში" აღებული 1 700 000 ლარის სამომხმარებლო სესხის მომსახურებაზე ლევან გამრეკელმა გასულ წელს 462 000 ლარი დახარჯა.

ამასთან, 2024 წელს ლევან გამრეკელმა ქველმოქმედებაზე 400 000 ლარი დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები