მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾5.3 მლნ ფარმაცევტული კომპანიიდან, ანგარიშები ფრანგულ ბანკებში, ₾470 ათასი ქველმოქმედებაზე...- ანტონ ობოლაშვილის დეკლარაცია

ანტონ ობოლაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორი "გლობალფარმის" მფლობელია, 2025 წელს კომპანიიდან 5 341 231 ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ მის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

დეკლარაციის თანახმად, მან ეს თანხა დივიდენდის სახით მიიღო. მისმა მეუღლემ, ლია ობოლაშვილმა კი შპს Beauty Life-დან, რომლის დირექტორი და მფლობელია, 168 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

ანტონ ობოლაშვილი უძრავ ქონებას არა მარტო საქართველოში, ასევე პარიზსა და დუბაიშიც ფლობს. კერძოდ, 2013 წელს (1 626 562,56 დირჰამი) და 2015 წელს (2 816 847 დირჰამი) შეიძინა ბინები დუბაიში. 2014 წელს 1 165 025 ევროდ იყიდა ბინა პარიზში. ხოლო 2019 წელს 58 000 ევროდ ავტოფარეხი პარიზში. ლია ობოლაშვილის სახელზე თბილისში სამი ბინაა, ასევე სახლი მცხეთაში და ბინა ბორჯომში და 2 ავტოფარეხი თბილისში. ცოლ-ქმარს აქვს მიწის ნაკვეთები ადიგენში და ტაბახმელაში.

დეპუტატი უთითებს შემოსავალს დუბაიში ბინის გაქირავებიდან: 22000 ევროს და 101 000 დირჰამს. მისმა მეუღლემ კი შემოსავალი მიიღო პირადი შეთანხმებების საფუძველზე გაცემული რამდენიმე სესხიდან - შემოსავლის ჯამური თანხა 255 ათას ლარს აღემატება, მანვე 45 000 დოლარის შემოსავალი მიიღო გასულ წელს უძრავი ქონების გაყიდვიდან.

დეპუტატი ფლობს 2016 წელს 55000 ევროდ შეძენილ PORSHE-CAYENE (FR) E-ს, ხოლო მეუღლე ლია ობოლაშვილი 2018 და 2023 წლებში შეძენილ PORSHE-CAYENE IW552II (9600 ლარი) და PORSHE-CAYENE AL777K (127 000 ევრო). ანტონ ობოლაშვილი დეკლარაციაში უთითებს 3 ძვირად ღირებულ საათს: BREGUET 2017 წელს იყიდა 15000 დოლარად, A.Lange & SOHNE - 2018 წელს 17000 დოლარად, Vacheron Constantin - 2022 წელს 15500 დოლარად.

გარდა ქართული ბანკებისა, დეპუტატს თანხები აქვს ფრნაგრულ ბანკებში ანგარიშებზეც. მათ შორის Societe General-ში 17 624 ევრო და LCL-ში 47 269 ევრო. სხვადასხვა ქართულ ბანკებში ანგარიშებზე აქვს 75 448 ევრო, 81 640 დოლარი და 110 405 ლარი.

ნაღდი ფულადი დანაზოგის სახით ანტონ ობოლაშვილი 150 000 ლარს, 47 000 დოლარს და 35 000 ევროს ფლობს.

ანტონ ობოლაშვილმა გასულ წელს დეპუტატობიდან ხელფასის სახით 112 128 ლარი მიიღო.

2025 წელს დეპუტატმა ქონების გადასახადის სახით 11 256 ლარი გადაიხადა. ანტონ ობოლაშვილმა ქველმოქმედებაზე 470 000 ლარი დახარჯა, მისმა მეუღლემ კი - 50 000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები