მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾545 მილიონის ობლიგაციების ემისიაზე 12 განაცხადია შემოსული - მიხეილ ხიდურელი

ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე 12 განაცხადია შესული, რომლებიც ლარში ჯამურად 545 მილიონის ობლიგაციების გამოშვებას ითვალისწინებს.

სააგენტოს ხელმძღვანელი „ჭავჭავაძის 64ბ“-ს მიერ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას გამოეხმაურა. უძრავი ქონების მენეჯმენტის კომპანია „ჭავჭავაძის 64ბ“-მ, პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების 2 წლიანი, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა განთავსებაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს ახალი მიმართულებაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და უკვე 12 განაცხადია შემოსული. თორმეტივე განაცხადის ფარგლებში გამოსაშვები ობლიგაციების სავარაუდო მოცულობა ლარში ჯამურად 545 მილიონს შეადგენს. დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 5 ემისიის თანადაფინანსება, დამატებით 5 კომპანიასთან კი ვაგრძელებთ მუშაობას“ - აღნიშნა ხიდურელმა.

მისი თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობის, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელიც კომპანიებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალ გზებს უხსნის.

„პროგრამის ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები