საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელმა და რეალიზატორმა ჯგუფმა „მადარტმა“ 2025 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 67 მილიონ ლარს გადააჭარბა, ამასთანავე, ჯგუფმა ახალი საწარმოს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთი შეიძინა.
ანგარიშგების მიხედვით, 2025 წელს „მადარტის“ ჯამურმა შემოსავალმა 67 041 988 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან (65 389 546 ლარი) შედარებით გაზრდილია. შემოსავლების უდიდესი ნაწილი 62.4 მილიონი ლარი პროდუქციის რეალიზაციაზე მოდის, ხოლო 4.6 მილიონი ლარი კომპანიამ მიტანის სერვისიდან (შპს „მადარტ დელივერი“) მიიღო.
მიუხედავად შემოსავლების ზრდისა, კომპანიის წმინდა მოგება შემცირდა და 5.85 მილიონი ლარი შეადგინა (2024 წელს წმინდა მოგება 6.89 მილიონ ლარს შეადგენდა). საოპერაციო მოგებამ კი 6.77 მილიონი ლარი შეადგინა.
ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს კომპანიის მარკეტინგისა და მიწოდების ხარჯებმა 9.7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან უდიდესი ნაწილი მიწოდების სერვისის პერსონალის შრომის ანაზღაურებასა (4.4 მლნ ლარი) და ტრანსპორტირება-შენახვაზე (3.7 მლნ ლარი) მოდიოდა, ხოლო უშუალოდ სარეკლამო/მარკეტინგულ აქტივობებზე „მადარტმა“ 479 631 ლარი დახარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ოდნავ ნაკლებია.
კომპანიის გაფართოების გეგმების ფარგლებში, 2025 წელს ჯგუფმა შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი საკონდიტრო საწარმოს მშენებლობა იგეგმება.
ამასთან, ახალი პროექტებისა და ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნით, ჯგუფმა დოლარში დენომინირებული სესხები აიღო. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მთლიანი სასესხო ვალდებულება 8.74 მილიონ ლარს შეადგენს.
ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2025 წელს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელზე, დავით ჭრელაშვილზე, დივიდენდის სახით 3 741 493 ლარი გაიცა (2024 წელს გაცემული იყო 3.48 მილიონი ლარი).
„მადარტი“ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და 4 სავაჭრო ფილიალსა და საკურიერო ქსელს აერთიანებს. მმართველობის ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის ჯგუფში დასაქმებულთა რაოდენობა 840 ადამიანს შეადგენდა.






















