შპს ფორთ ფილარი კახეთში ნუშის გადამმუშავებელ საწარმოს აშენებს. გეგმების შესახებ BM.GE-ს საქართველოში კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელი, გიორგი სანიკიძე ესაუბრა.
როგორც გიორგი სანიკიძე ამბობს, კომპანია ევროკავშირში (იტალია, გერმანია...) ექსპორტზეა ორიენტირებული, სადაც მოთხოვნა ძირითადად გარჩეულ ნუშზეა, სწორედ ამიტომ, 7 მილიონი ლარის ინვესტიციით შენდება ორი ქარხანა, სადაც ნუშის დამტვრევა, გაშრობა და ბლანშირება (კანის გაცლა) მოხდება. ქარხნები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამუშავდება.
კახეთში ნუშის ბაღები 20 მილიონ ლარიანი ინვესტიციით გასულ წელს გაშენდა, თავდაპირველად 120 ჰექტარზე. როგორც გიორგი სანიკიძე ამბობს, ფართობი უკვე 330 ჰეტქტრამდეა გაზრდილი.
"ბაღების გაშენება ამ ეტაპზე დავამთავრეთ, გაშენებული გვაქვს 330 ჰექტარი, ბოდბეში არის 90 ჰა და დედოფლისწყაროში 240-მდე ჰა. ბოდბეში წელს უკვე მეორე მოსავალს ავიღებთ და დედოფლისწყაროში მომავალი წლიდან დაიწყება მოსავლის აღება. შარშან პირველი მოსავალი ავიღეთ და წელს უკვე გაიზრდება მოსავალი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ქარხანაც აგვეშენებინა და წელს დავიწყეთ მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობა მიმდინარეობს, 7 მილიონი ლარის ინვესტიცია იდება. იქნება დამტვრევა, გარჩევა და მეორე ეტაპი გვექნება კიდე ბლანშირება, კანის გაცლა ნუშზე. ანუ ორი ქარხანა იქნება, ერთი იქნება დამტვრევის და მეორე ბლანშირების დედოფლისწყაროში. სამტვრევი და საშრობი მზად უნდა იყოს 15 აგვისტოსთვის, ბლანშირება შეკვეთილი გვაქვს და დეკემბერში შეგვპირდნენ, რომ დაგვიმონტაჟებენ.
შარშან იმდენი მოსავალი არ გვქონია და ადგილზევე გავყიდეთ, სხვა კომპანიას მივყიდეთ. წელს ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით არ გვიფიქრია გაყიდვა. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას ბრენდირება, დისტრიბუცია უნდა და ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. უფრო საბითუმო გაყიდვა იქნება და არა საცალო, ამ ეტაპზე ეგრე გვაქვს გადაწყვეტილი. გამომდინარე ბაზრიდან, ნაბიჯებიდან, მერე ვნახოთ, როგორი იქნება. ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. ევროკავშირში და ბრიტანეთში ძირითადი მოთხოვნა არის დამტვრეულ ნუშზე და არა ნაჭუჭიანზე. გამომდინარე ბაზრიდან, მოთხოვნიდან, სხვასთან რომ დაგვემტვრია, დიდი ხარჯი არის და გადავწყვიტეთ ჩვენივე აგვეშენებინა. საექსპორტო ბაზრებზე ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ფასიდან გამომდინარე კონკურენტუნარიანია, ხარისხით არ ჩამოვუვარდებით",- ამბობს გიორგი სანიკიძე.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ინვესტორები ჰყავს აშშ-დან, ინდოეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. მას ორი კომპანია ახორციელებს - შპს ფარმვეი საქართველო (ფლობს ნუშის ბაღს დედოფლისწყაროში) და შპს ფორთ ფილარი (აშენებს ნუშის გადამმუშავებელ ქარხანას და ფლობს ნუშის ბაღს ბოდბეში).


























