მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გელა ხანიშვილი: ფაროსანასგან ზიანი მინიმუმამდე შემცირდება

5ca096cdb2f0c
BM.GE
31.03.19 14:40
1090
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და დასავლეთ საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილა და ხაზი გაუსვა მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების როლს.

"აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სრულყოფილი ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მავნებელს კონტროლქვეშ მოაქცევს და შესაბამისად, სასოფლო სამეურნეო კულტურების ზიანი მინიმუმამდე შემცირდება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ქართველი ფერმერები წლევანდელ სეზონს ბევრად მომზადებულები ხვდებიან, უფრო ორგანიზებული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც თხილის კულტურის მოვლასთან არის დაკავშირებული. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა წელს მეტი ინტენსივობით, მეტი ჩართულობით შეძლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სწორედ ფაროსანას გავრცელების და დაავადებების გამო, თხილმა ქართული საექსპორტო პროდუქციის ათეულში პოზიცია დაკარგა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან თხილის ექსპორტმა 57 მლნ 266 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლებია, 2016 წელთან შედარებით კი - 68%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები