საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. ახალი გზა ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
„პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა. მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა. პარალელურად, გაკეთდა სპეციალური კუნძულები, რომელიც გამწვანებულია, დაიდგა განათების ბოძები თავისი LED სანათებით. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბეტონის საფარისაა და ერთი მიმართულება ორ ავტომობილზეა გათვლილი. საერთო ჯამში, ოთხზოლიანი მონაკვეთია. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. გზის მშენბელობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა მეწყერული პროცესების გამო პროექტს არაერთი სირთულე შეექმნა. საერთო ჯამში, ოთხზოლიანი მონაკვეთით მარშალ გელოვანის გამზირი ვაშლიჯვარს დაუკავშიდება. გზის მშენებლობისთვის 16,4 მლნ ლარი დაიხარჯა.