მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გემბლინგი და საბანკო დანაშაული - საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

5ca5f646842e1
შოთა ტყეშელაშვილი
04.04.19 18:10
3896

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულის გათეთრების გლობალურ ანგარიშში ერთი ქვეთავი სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც ეთმობა. დოკუმენტში განხილულია რამდენიმე რისკფაქტორი, რომლებიც საქართველოში ფულის გათეთრების სქემებს შეიძლება უკავშირდებოდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სამართალდამცავებს მოუწოდებს, მეტი დრო დაუთმონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრების სქემებს შორის კავშირების აღმოჩენას. დოკუმენტის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში საქართველო ფულის გათეთრების საერთაშორისო სქემების შემადგენელ მხოლოდ ერთ რგოლს წარმოადგენს და კრიმინალები ქართულ ბანკებს ამ სქემაში ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადარიცხვისთვის იყენებენ.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა ირანის მოქალაქეთა მხრიდან საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობის შემთხვევები.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საქართველოს აზარტული თამაშების სექტორი ფულის გათეთრების რისკების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სექტორია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ სექტორში 416 ლიცენზია არის გაცემული და ყველაში 31 კაზინო მოქმედებს.

“საქართველოში მზარდი აზარტული თამაშების სფერო, მათ შორის ონლაინ-გემბლინგი საყურადღებოა. 2017 წელს კაზინოებმა და აზარტულ სფეროში ჩართულმა სხვა ორგანიზაციებმა 500-ზე მეტი საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციის შესახებ წარადგინეს ინფორმაცია, თუმცა მათგან არცერთი არ იყო STR-ად (საეჭვო ფულად ტრანზაქციად) იდენტიფიცირებული. ფაქტი, რომ სათამაშო ინდუსტრიაში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საეჭვო ფულადი ტრანზაქციის შესახებ არ შესულა ინფორმაცია, მათი რეგულირების ხარისხის შესახებ აჩენს კითხვებს,”- წერია ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა კონკრეტული ტრანზაქციები, კონკრეტულად კი ფულადი გზავნილები, რომლებიც ფიზიკური პირების მცირე ჯგუფმა მეზობელ ქვეყანაში გააგზავნეს. აღნიშნულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ჯგუფში ჩართულ პირებს წარსულში ნარკოდანაშაულთან ჰქონდათ შეხება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს, ქვეყანაში ვირტუალური ვალუტების გავრცელებაა.

“ბიტკოინი და სხვა ვირტუალური ვალუტები საქართველოში საკმაოდ პოპულარული ხდება. უახლესი საერთაშორისო გამოძიებები აჩვენებენ, რომ საქართველო ამავდროულად, კრიპტოვალუტების მაინინგის მხრივაც აქტიური ქვეყანა ხდება,”- ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ამ მხრივ კანონმდებლობა მუდმივად ახლდება, რაც სამართალდამცავებს ახალი ტიპის ფინანსური დანაშაულების, განსაკუთრებით კი კიბერდანაშაულის გამოძიების შესაძლებლობას აძლევს.

დღესვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც, მისი თქმით, "კიბერდანაშაული ისევე, როგორც ფულის გათეთრების რისკები, ეს 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ქვეყნისთვის გამოწვევა გახლავთ. მათ შორის, ყველა განვითარებული ქვეყნისთვის და ბუნებრივია საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები