მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაურია, სავარაუდოდ, მეკობრეებმა დააყაჩაღეს"

5b77e653d9270
თელარა გელანტია
18.08.18 13:25
856
კომპანია „იალქნის“ ვარაუდით, გემი „Pantelena“, რომელზეც 17 ქართველი და 2 რუსი მეზღვაური იმყოფება, სავარაუდოდ, მეკობრეებმა დააყაჩაღეს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ანჟელა ოვანესიანმა tv “პირველს“ განუცხადა, მეზღვაურებთან ბოლო კონტაქტი 14 აგვისტოს ჰქონდათ.

„ყველა არსებული კომუნიკაციის საშუალება, მათ შორის სატელიტური სისტემა, ფოსტა, მობილური ტელფონი, გათიშულია. გემზე საქართველოს 17 და რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფება. ამ დროისთვის არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეკიპაჟის რომელიმე წევრი დაშავებულია, არ არის. საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველა ჩართულია ამ პროცესში. კომპანია „ლოტუს შიპინგმა“ აიყვანა მაღალი დონის ექსპერტების კვალიფიციური გუნდი, რომელსაც ამ ხასიათის ინციდენტების მართვის გამოცდილება აქვთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ გემი მეკობრეებმა დააყაჩაღეს“ , - აცხადებს ოვანესიანი.

თემასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მათი ინფორმაციით, დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება.

ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

„გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი - UKMTO“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები