მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გემოფესტიდან ჩვენი პოლიტიკური გემოვნების გამო "ჩაგვხსნეს" - ლიკა როგავა

ლიკა როგავა

7-8 სექტემბერს, სამეგრელომ გემო ფესტს პირველად უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

შეფ მზარეული, ლიკა როგავა, რომელსაც ფესტივალში მონაწილეობა უნდა მიეღო, ამბობს, რომ უარი ბოლო ეტაპზე უთხრეს, იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტი შემცირდა და ფესტივალისთვის ზედმეტად ცნობადი სახეა, რაც როგავასთვის არასარწმუნოა.

მისი თქმით, სამივე მონაწილე, რომლებსაც უარი ბოლო ეტაპზე ეთქვათ, პოლიტიკური გემოვნების გამო დაიწუნეს.

"სამეგრელოში გემოფესტი წელს პირველად ჩატარდა. ძალიან მინდოდა მონაწილეობა. ვთვლიდი, ვთვლი და კიდევ ჩავთვლი, რომ რეგიონის განვითარებისთვის და ზუგდიდის ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვთვლიდი, რომ ჩემი რესურსით აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა. თუმცა, არ ყოფილა მხოლოდ ჩემი სურვილი. თვითონაც ძალიან უნდოდათ, მონაწილეობა მიმეღო.

შემდეგ ვიყავი შეხვედრაზე, ე.წ. დაგემოვნებაზე. სადაც შევაჯერეთ გემოები. მე ჩემი კერძით მივედი, რომელიც იყო აბსოლუტურად ახალი და თან, ძალიან ავთენტური მეგრული კერძი. მართლა ძალიან კარგი გამოვიდა და ძალიან ვამაყობ. ამის შემდეგ, როცა უკვე ველოდებოდი, რომ დამირეკავდნენ და მეტყოდნენ რამდენი ულუფა უნდა გამემზადებინა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ბიუჯეტი შემცირდა და აუცილებელი იყო მონაწილეების რაოდენობის შემცირება. მე, ამ სფეროში ცნობილ სახედ მიმიჩნიეს და გადაწყვიტეს, რომ ნაკლებად ცნობადი სახეობისთვის მიეცათ შანსი. ეს თავისთავად სასაცილო არგუმენტია. პირველ რიგში, როცა ასეთ ფესტივალს პირველად გეგმავ, იმ რეგიონში ცნობადი და პოპულარული სახეების და კომპანიების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ზრდის ინტერესს. გარდა ამისა ჩამონათვალში დარჩნენ ჩვენზე ბევრად უფრო ცნობადი სახეებიც.

ამის თქმა ხმამაღლა შემიძლია, ვისაც საუკეთესო კერძები გვქონდა, ის ხალხი "ჩაგვხსნეს". მე, ქეთო ნინიძე და ზაზა გაგუა. ბუნებრივია, რომ ეს ჩახსნა მოხდა ჩემი პოლიტიკური გემოვნების გამო. მიზეზი, სამივეს შემთხვევაში ერთია. სამივე ერთნაირად აქტიურები ვართ და არ ვერიდებით ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას", - განაცხადა ლიკა როგავამ BM.GE-სთან.

ოფიციალური სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ზუგდიდში გემოფესტისთვის გამოყოფილი თანხა 488 847 ლარი იყო. შესყიდვაში "შპს ჯეოივენთს"-მა გაიმარჯვა, რომელმაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ღონისძიების 463 745 ლარად ჩატარება შესთავაზა. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, დოკუმენტაციაში თანხის ცვლილება/შემცირება ასახული არ არის.

bm.ge საკითხზე დაუკავშირდება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები