მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

General Motors-ი Lockheed Martin-თან თავდაცვის სფეროში პარტნიორობას განიხილავს

gm

General Motors-ი თავდაცვის კონტრაქტორ Lockheed Martin-თან მისი შეიარაღების სისტემებისთვის კომპონენტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეს ნაბიჯი ავტომწარმოებელს საშუალებას მისცემს, სამხედრო წარმოებაში თავისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

კომპანიები განიხილავენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც GM ფართოდ გამოყენებად ნაწილებს აწარმოებს, რაც Lockheed-ს საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდაში დაეხმარება. მართალია, შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ორივე მხარე აქტიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რომელი კომპონენტების მიწოდება შეეძლება GM-ს.

უკრაინისა და ირანის კონფლიქტებმა აშშ-ის რაკეტებისა და ჩამჭრელების მარაგები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამან პენტაგონსა და ტრამპის ადმინისტრაციას უბიძგა, თავდაცვის კონტრაქტორებს მოუწოდონ, დააჩქარონ წარმოება და მიწოდების ჯაჭვში არატრადიციული მწარმოებლები ჩართონ.

GM-ის აღმასრულებელი დირექტორი, მერი ბარა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ავტომწარმოებლისთვის უფრო დიდი სამხედრო როლის მინიჭების განსახილველად უკვე შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თავდაცვის სექტორში დაახლოებით ერთი ათწლეულის წინ, თავისი შვილობილი კომპანიის, GM Defense-ის მეშვეობით დაბრუნდა. რაც შეეხება Lockheed Martin-ს, პარტნიორობა მას მიწოდების ჯაჭვში არსებულ იმ დაბრკოლებებს შეუმსუბუქებს, რომლებიც საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდას ართულებს.

მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 1.5 ტრილიონი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტის ფონზე მიმდინარეობს, რაც რაკეტებში, საბრძოლო მასალებსა და დრონების წარმოებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ითვალისწინებს. თუმცა, ინდუსტრიის დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საავტომობილო და შეიარაღების მიწოდების ჯაჭვებს შორის მცირე გადაკვეთის გამო, ნებისმიერი გარიგების პრაქტიკული სარგებელი, შესაძლოა, შეზღუდული იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები