მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერალური აუდიტორის თანამდებობა არ არის სიმბოლური - გიორგი გაბიტაშვილი

გაბიტაშვილი

ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

"ქართული ოცნების" უახლესი საკადრო გადაწყვეტილებების ფარგლებში, გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში, მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა. ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი კი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზეა წარდგენილი.

კომიტეტზე გამოსვლისას გაბიტაშვილმა მადლობა გადაუხადა შალვა პაპუაშვილს წარდგენისთვის და თავის ხედვებზე ისაუბრა.

"ამას არა პირად შესაძლებლობად, არამედ თითოეული თქვენგანისგან და მთლიანად საზოგადოებისგან ისეთ ნდობად აღვიქვამ, რომელიც მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობას, პატიოსნებასა და საჯარო სამსახურის მიმართ ჩემს ურყევ ერთგულებას. ასევე, მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ცოტნე ყავლაშვილს, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია.

ჩემი კანდიდატურა ეფუძნება საჯარო სამსახურში თითქმის 20 წლის გამოცდილებას, რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე. ვიმსახურე უწყებაში, რომელშიც მუშაობენ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები. ვამაყობ პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით, პროკურატურის თითოეული თანამშრომლით და ამ ტრიბუნიდანაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

ვაცნობიერებ გენერალური აუდიტორის როლს, რომელიც მოქმედებს აღმასრულებელი და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად. ეს თანამდებობა არ არის სიმბოლური და ამ თანამდებობაზე საქმიანობა დემოკრატიული ანგარიშვალდებულების და ფინანსური დისციპლინის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, მე, როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ვიღებ ვალდებულებას, დავიცვა და კიდევ უფრო გავაძლიერო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი პრინციპები - ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი",- თქვა გაბიტაშვილმა.

მისი განცხადებით, სტრატეგიული მიმართულება, რომელიც პრიორიტეტად წარმოუდგენია არის პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტს შორის ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები