მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურა დარეგისტრირდა

სს

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 27 ივნისს, დამატებით კიდევ 2 კანდიდატი წარედგინა და ამ ეტაპზე სულ 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.

აღნიშნული კანდიდატების ვინაობა საჯაროა და წარმოგიდგენთ:

1. ლალი ბუნტური - იურისტი და ადვოკატი (მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარმოადგინა)

2. გრიგოლ გაგნიძე - იურისტი და ადვოკატი (რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა, კერძოდ, „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“)

3. დარეჯან ბუცხრიკიძე - იურისტი და ადვოკატი (საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა)

4. სალომე ჯანუაშვილი - იურისტი და ადვოკატი (აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს)

5. ანდრონიკ სარიბეკოვი - იურისტი და ადვოკატი (საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა)

6. დავით ბარბაქაძე - იურისტი და ადვოკატი (ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ წარმოადგინა)

7. ალექსანდრე კობაიძე - იურისტი და ადვოკატი (საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა)

8. ლაზარე ჯორბენაძე - იურისტი და ადვოკატი (მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“ წარმოადგინა)

9. გიორგი გაბიტაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე (აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარმოადგინეს; ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა)

10. პაატა შავაძე - იურისტი და ადვოკატი (საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა)

11. ვიქტორ ახალბედაშვილი - იურისტი და ადვოკატი (ა.ი.. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარმოადგინა)

პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა. საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მეხუთედ შეარჩევს. ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები