თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული მასალების დანართში აღნიშნულია, რომ აკადემქალაქის ტერიტორიაზე, სპორტის სასახლისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების მიმდებარედ, უკანასკნელ პერიოდში განვითარება ერთიანი გააზრებისა და შესაბამისი პროექტის გარეშე წარიმართა.
ამასთან, დოკუმენტის ავტორების ინფორმაციით, მოცემულ არეალში საცხოვრებელი სიმჭიდროვე ორჯერ აღემატება ქალაქის საშუალო მაჩვენებელს და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მოსალოდნელია მისი შემდგომი ზრდა.
„დღესდღეობით მოცემული არეალი ქალაქის ყველაზე მჭიდრო დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგეს, რომლის ფარგლებშიც უგულვებელყოფილია სამოსახლეო აუცილებლობები და მომსახურეობითი საჭიროებები, როგორც საინჟინრო და სატრანსპორტო ასევე სოციალური და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მხრივ.
სივრცის გადატვირთული ხასიათი მძიმედ აისახება როგორც უშუალოდ აქ არსებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ასევე, მიმდებარე საქალაქო სტრუქტურების ოპერირებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად მძლავრად გადაჭარბებული სამშენებლო მახასიათებლებისა ტერიტორია დღესაც დიდი რაოდენობით იზიდავს დეველოპერებსა და სამშენებლო საქმიანობით დაინტერესებულ სხვა პირებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, აქვე აღნიშნულია, რომ აუცილებელია ერთიანი ჩარჩო პირობების დამუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ტერიტორიაზე ჭარბი სამოსახლო სიმჭიდროვის ეფექტების შემცირებას, ცხოვრების ხარისხის ზრდას, სარეკრეაციო სივრცეების შექმნა-განვითარებას და ერთიან ინფრასტრუქტურულ გააზრებას.
ფოტო: Wikimapia

























