"წინასაარჩევნო პერიოდში ისინი ჩემი კონკურენტები იყვნენ და მინდოდა ჩართული ყოფილიყვნენ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის განხილვაში, მაგრამ მათ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება ამჯობინეს და ჰქონდათ დებოშის მცდელობა", - ამ განცხადებით გახსნა თბილისის მერმა დღეს ქალაქის მთავრობის სხდომა და გუშინ გენ.გეგმის განხილვაზე მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, მას სურდა დამსწრეთაგან ყველას გამოეთქვა თავისი შენიშვნა თუ მოსაზრება „სითი ინსტიტუტის“ ან მერიის მიმართ. ის, რომ ბევრმა მათგანმა აზრის დაფიქსირება ვერ შეძლო, კახა კალაძემ დარბაზში მყოფ ოპოზიციას დააბრალა.

























