თბილისის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიას "სითი ინსტიტუტს" დოკუმენტზე მუშაობის დასრულების თარიღის დასახელება დღის ბოლომდე მოუწევს, - თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დოკუმენტის ნაწილი მოთხოვნილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერიამ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტლება დაამტკიცებს თუ არა გენგეგმის არსებულ ვარიანტს, თუმცა კალაძის განცხადებით, კომპანიას დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრული ვადა მიეცემა.
"გაწეულია მნიშვნელოანი სამუშაოები და მისი ნაწილი გამოსადეგია ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა დოკუმენტი დაუსრულებელია. გენგეგმის ამ ფორმით მიღებამ ქალაქს პრობლრმა არ უნდა შეუქმნას.
კომპანიას რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა მეექვსე დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნლ სტანდარტებს. ხელშეკრულების თანახმად, დღეს გვეწურება ვადა რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა ამ გეგმას მერია.
ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მნიშვნელობას, ვერ მივცემთ თავს ნებას მივიღოთ არასრული დოკუმენტი. ვითვალისწინებთ სამუშაობეს რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ გაწია ამ პროცესში და კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როდის წარადგენენ ამ დოკუმენტს. სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

























