კომპანია "გეო ფლაუერმა“ პრემიალური ხარისხის ჩაის წარმოება დაიწყო.
„გეო ფლაუერის“ დამფუძნებელის გოჩა ძნელაძის თქმით, წელს საცდელი პარტია დამზადდა, რომელიც კომპანია ,,გურიელმა“ შეისყიდა.
მისი განმარტებით, მომავალი წლიდან კომპანია წარმოების სიმძლავრეს გაზრდის და სეზონზე 60-70 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს, საიდანაც ნაწილს საკუთარი პლანტაციებიდან მიიღებს, ნაწილს კი, ფერმერებისგან ჩაიბარებს.
,,ეს არის სუპერ პრემიალური ხარისხის ჩაი, რომელსაც მომხმარებელს შევთავაზებთ; ჯერ არ ვიცით, პროდუქცია დაფასოებული სახით გაიყიდება თუ - დაუფასოებელით, ამაზე ჩამოვყალიბდებით. წელს დამზადებული პარტია კომპანია ,,გურიელმა“ შეისყიდა, რომელმაც გამოუშვა ჩაი სახელწოდებით - ,,გურიელის ჩაის ბაღებიდან“.
სამომავლოდ, როდესაც წარმოების მოცულობას გავაფართოებთ, პროდუქციას უცხოეთშიც გავიტანთ, ძირითადად ევროპაში ”, - განაცხადა გოჩა ძნელაძემ bm.ge-თან.
,,გეო ფლაუერი“ ჩაის ამბროლაურში, ჩაის გადამამუშავებელ ახალ საწარმოში ამზადებს, რომელიც წელს ააშენა. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ 250 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 30 ადამიანი დაასაქმა. ჩაის პლანტაციები კი, მას ტყიბულში 49-წლიანი იჯარით გადაეცა.
„ჩაის პლანტაციები ტყიბულში, საუკეთესო მიკროზონაში გვაქვს. წელს 49-წლიანი იჯარით ავიღეთ 20 ჰექტარი ჩაის პლანტაცია, რომელიც მაღალმთიან სოფელ "წყნორში" მდებარეობს და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. იქ ბიოლოგიურად სუფთა მოსავალს მოვიყვანთ, გარდა ამისა, ბიო ჩაის ფერმერებისგანაც ჩავიბარებთ, რომელთა სერტიფიცირებაც წინასწარ მოხდება", - განაცხადა გოჩა ძნელაძემ.