მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways რუსეთში ფრენების დამატებას გეგმავს - როგორია ავიაკომპანიის გეგმები?

Georgian Airways

Georgian Airways ზაფხულიდან, რუსეთში, კონკრეტულად კი ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენების დამატებას გეგმავს. ამის შესახებ ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა RBC-სთან 17-წუთიან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ავიაკომპანია დღეში ორ ავიარეისს ასრულებს, ზაფხულში კი სიხშირის გაზრდა 3-მდე იგეგმება.

„ზამთრის პერიოდში ზოგიერთი მიმართულება მცირედით შეჩერდა, თუმცა აპრილიდან ნოვოსიბირსკის, სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის მიმართულებით ფრენები გვაქვს.

ვაპირებთ, ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენების დამატებას, დავაკვირდებით როგორი ნაკადი იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ მგზავრთნაკადი [საქართველო-რუსეთს შორის] ფრენებისა და კავშირების აღდგენის შემდეგ კარგად გაიზარდა. ქართველი დიასპორა, რომელიც მოკლებული იყო პირდაპირ ფრენებს ამით სარგებლობს“, - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე - რატომ შეარჩიეს ავიაკომპანიაში რუსეთის ერთ-ერთ მიმართულებად ნოვოსიბირსკი, გაიაშვილი ასე პასუხობს: „ციმბირი ძალიან დიდ როლს თამაშობდა... ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ისტორიულად ჩვენ ამ მიმართულებით დავფრინავდით, ამგვარად ისტორიული ფრენები განახლდა...

ეკატერინბურგში ფრენები კი ვფიქრობ, ზაფხულიდან დაიწყება. თვითმფრინავები საკმარისად გვყავს და ვფიქრობ, კვირაში ორ-სამ ფრენაზე გვეყოფა“, - განაცხადა გაიაშვილმა.

Georgian Airways-ის დამფუძნებლის ინფორმაციით, დღეისთვის ავიაკომპანიას 8 სამგზავრო Boeing და ასევე რეგიონული Jet-ი ჰყავსო. ის ასევე მართავს სატვირთო ავიაკომპანიას. თამაზ გაიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო-რუსეთს შორის მგზავრთა გადაყვანაში რუსულ ავიაკომპანიებს 80%-იანი წილი უკავიათ, Georgian Airways-ი კი 20% იკავებს. „აქედან, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით მგზავრთაგადაყვანების 15% ტრანზიტულია“, - აღნიშნავს გაიაშვილი და პასუხობს წამყვანის კითხვას, რომ მათთვის კონკურენტად თურქულ და არაბულ ავიაკომპანიებს მიიჩნევს. ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ ტრანზიტულ გადაყვანებში თურქეთი დომინირებს.

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს სატრანზიტო ჰაბი გახდა. უფრო თურქებმა დაიკავეს ეს ბაზარი, ჩვენ ნამცხვრის მცირე ნაჭრის აღება შევძელით, ამისთვისაც მადლობა, ყველაფერი კარგად არის, მთავარია, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაიწყო და ხალხი ამით სარგებლობს“, - განაცხადა გაიაშვილმა.

RBC-ს ჟურნალისტი დაინტერესდა - აპირებს თუ არა თქვენი ავიაკომპანია რუსული წარმოების ხომალდების შეძენას, თუ რუსეთი ავიახომალდების წარმოება აღადგენს, რაზედაც თამაზ გაიაშვილი პასუხობს: „შევხედავთ და გამოჩნდება. მე ვამბობ, რომ რუსული და საბჭოთა კავშირის დროს რომ ტექნიკა იწარმოებოდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იყო. ამიტომ ვფიქრობ, ამჯერადაც არ გვიმტყუნებს... შევხედოთ... რაც მთავარია, წარმოება არ უნდა შეაჩერონ თუ სანქციები მოიხსნება და რუსეთში Airbus-ები და Boeing-ები შემოვა, მთავარია ადგილობრივი წარმოება არ შეჩერდეს“.

ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ Georgian Airways-ი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ოპერირებს. „32 წელია ჩვენით ვარსებობთ. სახელმწიფო შევარდნაძის დროს მორალურადაც გვიჭერდა მხარს, მაშინ არც ისე კარგი მდგომარეობა იყო, მაგრამ სახელმწიფო მხარდაჭერა დღემდე არც გვქონია და არც გვაქვს“, - აღნიშნა მან.

რუსულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში თამაზ გაიაშვილმა ავიაკომპანიის გეგმების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინტერესი ინდოეთისა და ჩინეთის მიმართულებით აქვთ.

„ჩვენ ვუყურებთ ინდოეთისა და ჩინეთის მიმართულებით ფრენებს. ჩინეთში სატვირთო გადაზიდვებს 3 წელზე მეტია რაც ვახორციელებთ, ახლა სამგზავრო გადაყვანების დაწყებას ვაპირებთ, რისთვისაც დიდი ხომალდები Boeing 767 დავამატეთ, ამ მიმართულებასაც განვავითარებთ, ვფიქრობ, მგზავრთნაკადი დიდი იქნება“, - განაცხადა Georgian Airways-ის დამფუძნებელმა.

RBC-ს კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის და იმისთვის, რომ მისი ბიზნესი კარგად განვითარდეს, თამაზ გაიაშვილი ასე კითხულობს: „90-იანი წლების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში აფხაზეთის და ოსეთის საკითხი ტკივილად დარჩა, რომელიც ვფიქრობ, რომ ხვალ ან ზეგ ეს დარეგულირდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ყველაფერი აღდგება“.

ცნობისთვის, Georgian Airways-მა რუსეთში ფრენები მას შემდეგ აღადგინა, რაც რუსეთმა საქართველოსთან ავიაემბარგო გააუქმა. დღეისთვის, ქართული ავიაკომპანია მოსკოვში, ნოვოსიბირსკსა და სანკტ-პეტერბურგში სხვადასხვა სიხშირით დაფრინავს. აქედან მოსკოვში ყოველკვირეულად სამი ავიარეისი Boeing 737 ტიპის თვითმფრინავით სრულდება; სანკტ-პეტერბურგში კვირაში 3 ავიარეისი ოთხშაბათობით, პარასკევობითა და კვირაობით ხორციელდება; ნოვოსიბირსკშიც ფრენები კვირაში ორი სიხშირით - ორშაბათობითა და პარასკეობით სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები