რუსული ავიაკომპანია "პობედა" ქართულ ბაზარზე დემპინგური ფასით შემოვიდა,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დემპინგური ფასებით რუსული და თურქული კომპანიების ოპერირებაზე Georgian Airways-სს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან არ იდგმევა.
"თურქეთთანაც არის ეს პრობლემა და ამასაც დარეგულირება სჭირდება. მაგალითად იმ დღეებში, როდესაც გვაქვს ამსტერდამის ავიარეისი ზუსტად ამ დღეს თურქულ ავიაკომპანიას ფასები ორჯერ-სამჯერ დაბალი აქვთ, ვიდრე ჩვენ",- აცხადებს გივი დავითაშვილი.
Georgian Airways ასევე საუბრობს ქართული კომპანიების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაზეც. გივი დავითაშვილის თქმით, ამის გამოსწორება ბიზნესს დამოუკიდებლად არ შეუძლია, ამიტომ სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.
"რუსეთის ავიაკომპანიებს რეისის მოსკოვი-თბილისის შესრულება უჯდებათ 12-15 ათასი დოლარით ნაკლები, რადგანაც მაგალითად სანავიგაციო გადასახადი რუსეთისთვის არის ბევრად ნაკლები, ვიდრე საქართველოს ავიაკომპანიებისთვის. თბილისი-მოსკოვის ფრენის ხანგრძლივობას თუ შევადარებთ, ამ რეისზე 88%-ს დავფრინავთ რუსეთის თავზე და 12%-ს საქართველოს თავზე, რაც, ბუნებრივია, გვაზარალებს. აეროპორტების გადასახადები რუსეთში რუსული კომპანიებისთვის 3-ჯერ ნაკლებია. ამასთან ჩვენს ეკიპაჟს ვიზა სჭირდება იქ გასაფრენად და იმათ ეკიპაჟს არ სჭირდება და ა.შ.", - აცხადებს გივი დავითაშვილი.

























