Georgian Airways უცხოურ ავიაკომპანიებს ქართულ ავიაბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი "საქმის კურსსთან" აცხადებს, უცხოური ავიაკომპანიები მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ ქართულ ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებას და ქართულ კომპანიას მუდმივად უხდება მუშაობა არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში.
მისი განმარტებით, საკუთარ სახელმწიფოში ამ კომპანიების ტარიფები 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე "ჯორჯიან ეარვეისის" შემთხვევაში, შესაბამისად, თუ მათ საქართველოს ხელისუფლებისგან ანალოგიური მხარდაჭერა არ ექნებათ, თანაბარ კონკურენტულ პირობებში ოპერირებას ვერ შეძლებენ.
"საკუთარ სახელმწიფოში რუსულ ავიაკომპანიებს აქვს სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში ოთხჯერ დაბალი ნავიგაციის ტარიფები, აეროპორტების ტარიფები, ვიდრე ქართულ ავიაკომპანიას. ეს იმის წინაპირობაა, რომ დემპინგური ფასებით განახორციელონ ოპერირება და მათი შესრულებული რეისის თვითღირებულება ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ შესრულებული რეისის თვითღირებულება. საქმე გვაქვს იმასთან, რომ არ შეგვიძლია თვითღირებულებაზე დაბალი ფასებით მოვახდინოთ ოპერირება, როცა რუსულ კომპანიებს ამის მეტი რესურსი აქვთ, რადგან საკუთარი სახელმწიფო უწევთ მხარდაჭერას. ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა დააბალანსოს. სახელმწიფომ გარკვეული ბერკეტები უნდა გამოიყენოს და მათ მიმართ უნდა გატარდეს შესაბამისი სანქციები ან ქართულ კომპანიებსაც უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის მხარდაჭერა, რომ ჩვენი კონკურენცია ჯანსაღი და სამართლიანი იყოს",-აცხადებს გივი დავითაშვილი.

























