Georgian Airways–ის ახალი დირექტორი: კომპანია ძლიერი მუხის ხესავით დგას
ბექა ბაციკაძე
30.03.19 16:35
• 1228
"დღესაც დგას ეს კომპანია, რაღაცნაირი ძლიერი მუხის ხესავით, რომელიც მიუხედავად მის გარშემო ორომტრიალისა, ინარჩუნებს ეროვნული ავიაკომპანიის სტატუს", - ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში, Georgian Airways–ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია ქართულ ავიაკომპანიაში ამერიკული მენეჯმენტის დანერგვას და ამერიკული ბიზნეს გამოცდილების გაზიარებას აპირებს.
რომან ბოკერიას განცხადებით, კომპანიას ძალიან დიდი რესურსი აქვს და ზოგადად საავიაციო მიმართულება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
"ჯორჯიან ეარვეისი" 25 წელიწადია ბაზარზეა. მან გაუძლო იმ სიძნელეებს, რაც საქართველოში გასული წლების განმავლობაში ხდებოდა, როგორც პილიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით", - განაცხადა რომან ბოკერიამ.
"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა კონკურენციის გამმძაფრებაზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ეროვნული ავიაციის ფლაგმანი ღირსეულად ხვდება გამოწვევებს, მოქნილი ფასებით და პრემიუმ სერვისით.
ცნობისთვის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, "ჯორჯიან ეარვეისს" "ტავის" მიმართ 9 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანება დაუგროვდა. როგორც "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, ამ საკითხზე "ტავ ჯორჯიასთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისიც დასადგენია, რეალურად დავალიანება 9 მილიონ ლარს შეადგენს, თუ – არა.
შეგახსენებთ, ბოკერიამ ამ პოსტზე გივი დავითაშვილი შეცვალა. ავიაკომპანიის ცნობით, რომან ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო უწყებებში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996). შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003).
2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში - ტამპას უნივერსიტეტში, ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში. ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.