"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი როგორც მთავრობასთან, ისე სხვა მხარეებთან", - ამის შესახებ Georgian American Alloys-ის აქციონერი და წარმომადგენელი ურიელ ლაბირი "ჯორჯიან მანგანეზში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აცხადებს. ურიელ ლაბირის თქმით, ისინი სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც გადაწყვეტილება მიიღეს კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე.
ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ წარმოდგენილი გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების 14 პუნქტიანი გეგმის შესრულება.
"ჩვენ უკვე განვიხილეთ ის გეგმა, რომელიც სპეციალურმა მმართველმა წარმოადგინა. ეს გეგმა ეფუძნება იმ ღონისძიებებს, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ყველა ღონისძიება განხორციელდება, ყველა მხარე იქნება კმაყოფილი, როგორც სახელმწიფო, ისე კომპანიის მეწილეები. ამ ღონისძიებების განხორციელება არის საჭირო იმისთვის, რომ გარემოს მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი როგორც მთავრობასთან, ისე სხვა მხარეებთან, რათა მოხდეს ყველა საკითხის გადაჭრა", - განაცხადა Georgian American Alloys-ის აქციონერმა და წარმომადგენელმა ურიელ ლაბირმა.

























