ბარსელონაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა IBTM World 2024 მიმდინარეობს, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, ასევე, კერძო კომპანიები ესწრებიან, მათ შორისაა Georgian Bus-იც. კომპანიის დირექტორი შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ევროპელი ტურისტების მოზიდვას. მისივე თქმით, მათ ძირითად სამიზნეებს ამჟამად პოლონეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი წარმოადგენენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. IBTM World 2024 -ზე სხვადასხვა ქვეყნის ბევრი წარმომადგენელი ჩამოდის და საქართველოს მიმართ ამ გამოფენაზე საკმაოდ დიდია ინტერესია. IBTM World 2024-ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ, რადგან ფრენის კუთხით ახლო ვართ და გვსურს მაქსიმალურად ბევრი ტურისტული მოვიზიდოთ დასავლეთ ევროპიდან", - აცხადებს შალვა ხუციშვილი.
ცნობისთვის, კომპანია Georgian Bus-ი 9 წელზე მეტია საქართველოში, სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროში ოპერირებს. კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით ფრენების შესაბამისად ასრულებს რეისებს.