საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძე დეფიციტურ პროდუქტად რჩება - ამის შესახებ georgiandairy.org-ის ანალიტიკაში აღნიშნული, რომელშიც ბაზარზე დღეისთვის წარმოებული ხარისხიანი ნედლი რძის მაჩვენებლები და ის გამოწვევებია განხილული, რაც მერძევეობის სექტორში არსებობს.
პროფესიონალი ფერმერების, მსხვილ რაოდენობაზე მომუშავე რძის წარმოებების სიმცირე, რძის დაბალი ხარისხი - ეს ის პრობლემებია, რომელიც ნედლი რძის ბაზრის განვითარებას აფერხებს.
ანალიტიკური საინფორმაციო გვერდის ცნობით, რძის 90%-ზე მეტი ოჯახურ მეურნეობებში იწარმოება, რომლებიც რძის საწარმოებლად მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებენ, რაც განაპირობებს იმას, რომ რძის წარმოება ხშირ შემთხვევაში წამგებიანია, რძის ხარისხი კი - დაბალი. შესაბამისად, საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძე დეფიციტურ პროდუქტად რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს კვლავ სჭირდება პროფესიონალი ფერმერები, რომლებიც ხარისხიანი ნედლი რძის მსხვილ რაოდენობებს ეფექტურად აწარმოებენ. ამჟამად, ასეთი ფერმების რაოდენობა მცირეა.
საქართველოს მერძევეობის ასოციაციის გამოშვება, რომელიც ადგილობრივად ნაწარმოები მაღალი ხარისხის ნედლი რძის თითქმის 100%-ს შეადგენს, 20 მლნ ლიტრია წელიწადში (წყარო: GeorgianDairy.org). ჯამში კი, საქართველო 547 მლნ ლიტრ ნედლ რძეს აწარმოებს (2019წ, წყარო: საქსტატი).
უახლესი მონაცემებით, საქართველოში რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე, ნედლი რძის ექვივალენტში, 178 კილოგრამია წელიწადში.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, შემოსავლის დონესა და ცხოველური პროტეინის მოხმარებას შორის, ხშირ შემთხვევაში ძლიერი დადებითი კავშირია: შემოსავლის ზრდასთან ერთად, ხორცის, რძისა და კვერცხის მოხმარება იზრდება (უფრო მეტად) რუტინული საკვების მოხმარების შემცირების ხარჯზე.