GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებლის დავით ბარდაველიძის განცხადებით, ცხოველების საკვების ევროპის ბაზარზე გატანა ამ წლის მეოთხე კვარტალში მოხდება. მისი თქმით, ავეჯისა და აქსესუარებისგან განსხვავებით, ცხოველების საკვები პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია დასაკმაყოფილებელი.
"კვების პროდუქტების ექსპორტისთვის მწარმოებელმა ჯერ ISO 22 000 -ის ყველა ნორმა უნდა დააკმაყოფილოს. უკვე შემდეგ ხორციელდება მონიტორინგი გამოშვების სრული პროცესისა 2-3 თვის განმავლობაში და შემდეგ კიდევ ორ თვიანი პროცედურა სჭირდება პროდუქციის მიმღებს, რომ პროდუქტი ბაზარზე მოხვდეს.
ჩვენი გათვლებით მენეჯმენტის სისტემები, წარმოება, დანადგარების სრული მუშაობა რამდენიმე თვეში გამართული იქნება და სექტემბერში პროდუქციას გამოვუშვებთ. შემდეგ უკვე დგება ეტაპი, როცა თვითონ ევროკავშირში უნდა მოხდეს იმპლემენტაციები. იქამდე სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ვფიქრობ, რომ ივნის-ივლისში შიდა დავალებების შესასრულებას დავასრულებთ“, - ამბობს დავით ბარდაველიძე. მისივე განცხადებით, სანამ ახალი პროდუქტის წარმოებას გადაწყვეტდნენ 6 თვიანი მოკვლევა ჩაატარეს და მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს.
"თუ ჩვენ წლის ბოლომდე ამ მიზანს მივაღწიეთ, ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის სარგებელია, არამედ მთლიანად ქვეყნის, რადგან დაიშვება საქართველოდან გარკვეული ხორცპროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე. ვფიქრობ, პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, ჩვენ მოგვყვებიან ნედლეულის მწარმოებლები, რომლებმაც ასევე უნდა გაიარონ ეს პროცედურა და უკვე ქართული ხორცით შევალთ ევროკავშირის ბაზარზე", - აცხადებს ბარდაველიძე.

























