მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Products-ი ექსპორტის 40%-იან ზრდაზე საუბობს: თანამშრომლებს ხელფასი გავუზარდეთ

5eac30b7b528a
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.20 19:40
3807
მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ცხოველებისთვის ავეჯის და კვების მწარმოებელი ქართული კომპანიის „ჯორჯიან პროდაქტსის“ ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ განუცხადა.

მეწარმე შექმნილ ვითარებაში ექსპორტის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ევროპაში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ონლაინ გაყიდვების გააქტიურებას ასახელებს.

„წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ჩვენ ექსპორტის მიმართულებით, 40%-იანი ზრდა გვაქვს, როგორც ცხოველების ავეჯზე, ასევე, ცხოველთა კვებაზე. ჩვენი ძირითადი პარტნიორი ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ონლაინ სფეროში ოპერირებს, აქედან გამომდინარე, ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან მომხმარებელი ონლაინ მაღაზიების გამოყენებაზე გადავიდა. მეტიც, სრულად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ, თუმცა ვცდილობთ. ჩვენთან დასაქმებულია 600-მდე ადამიანი, ამ ეპიდემიის პირობებში როდესაც მოხდა საკარანტინე ზონების ჩაკეტვა, შემდეგ უკვე დიდი ქალაქების ჩაკეტვა, ბევრი ჩვენი თანამშრომელი დარჩა რეგიონში; ამასთან, თანამშრომელთა ნაწილი, რომელიც 65 წელს გადაცილებულია, სახლებში გავუშვით, ამიტომ მუშახელი შემცირდა და დატვირთვა გაიზარდა; ამასთან, დავიწყეთ პირბადეების კერვა და დასაქმებულთა ნაწილი ამით არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, ვერ ვპასუხობთ იმ გაზრდილ მოთხოვნას, რომელიც ევროპიდან არის, თუმცა ჩვენს საქმიანობას არ ვაჩერებთ. ამასთან,  ყველა დასაქმებულს, ვინც ვეღარ ახერხებს საწარმოში მოსვლას, ხელფასები შევუნარჩუნეთ, ხოლო ის, ვინც მუშაობს, ხელფასები მოვუმატეთ“, - ამბობს დავით ბარდაველიძე.

კომპანია წელს ამერიკის მიმართულებითაც აპირებდა გააქტიურებას. ამასთან დაკავშირებით „ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ანალიზისგან თავს შეიკავებს, თუმცა ბაზრის ათვისება დაწყებულია.

„ჩვენ ექსპორტის განხორციელება ამერიკის მიმართულებითაც იანვრის ბოლოს დავიწყეთ. ეს იყოს სატესტო ბაზარი, ბევრი მარკეტინგული აქტივობა ჰქონდათ დაგეგმილი ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ჯერჯერობით, ეს აქტივობა ისე არ მიდის, როგორც უნდა იყოს, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ორი მიმართულებაა ონლაინ და მეორე ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს. საწყის ეტაპზე ვართ, ამიტომ ჯერ ამერიკის მიმართულებით ანალიზს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა კომპანიიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, კომპანიამ ადვილად შეძლო გამკაცრებული უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილება და ეს მათი საქმიანობის სპეციფიკიდან და იმ სტრანდარტებიდან გამომდინარეობს, რომელსაც წლებია მისდევენ.

„სანამ დაიწყებოდა უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება, ჩვენ ამაზე ადრე დავიწყეთ ზრუნვა, რათა დაგვეცვა ჩვენი თანამშრომლები - ჩვენი ტრანსპორტით დაგვყვავდა ისინი, გვქონდა დეზინფექცია, ნიღბები. გარდა ამისა, რადგან ჩვენ ცხოველის კვების მრეწველობაში ISO სერტიფიკატი გვაქვს, ევროპაში კი, საკვების წარმოების მიმართულებით უფრო მკაცრი მოთხოვნებია, ჩვენ კი ექსპორტიორი კომპანია ვართ, ამიტომ გვყავს უსაფრთხოების მენეჯერი და საერთაშორისო სტანდარტებს მკაცრად ვიცავთ; როდესაც  მოვიდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან კონტროლზე, უპრობლემოდ გავიარეთ ეს შემოწმება“, - აღნიშნა დავით ბარდაველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები