ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია Georgian Walnut Enterprise მიმდინარე სეზონზე დაახლოებით 750 ტონა მოსავლის მიღებას ვარაუდობს, რაც გასული წლის 550-ტონიან მაჩვენებელს 36.4%-ით აღემატება.
BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელი გიორგი მესხიძე აცხადებს, რომ წარმოების ზრდის პარალელურად ქარხნის გაფართოებაც ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2027 წელს კომპანია დამატებით ინვესტიციას გეგმავს, რაც საწარმოსთვის ახალი დანადგარების შეძენას ითვალისწინებს.
„წლევანდელი სეზონი, პირველადი მონაცემებით, წარმატებული გამოდგა. მოსავლის აღების პროცესი დასასრულს უახლოვდება და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 750 ტონა კაკალს მივიღებთ. გასულ სეზონზე 550 ტონა მოსავალი გვქონდა, შესაბამისად, წელს დაახლოებით 36%-იან ზრდას ველოდებით.
ქარხნის გაფართოება ეტაპობრივად, პროდუქციის რაოდენობის ზრდის პროპორციულად ხდება. 2027 წელს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ, რაც სარეცხი, საშრობი და შესანახი აგრეგატების დამატებას ითვალისწინებს“, - აცხადებს გიორგი მესხიძე, თუმცა პროექტის საინვესტიციო ღირებულებას და სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის რეალიზაციაში ექსპორტის წილი დაახლოებით 45%-ია. პროდუქცია იყიდება პორტუგალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამომავლოდ კი კომპანია ექსპორტის გაფართოებას ინდოეთისა და იაპონიის ბაზრებზეც განიხილავს.
Georgian Walnut Enterprise სოფლის მეურნეობის სექტორში 2014 წლიდან ოპერირებს. კაკლის პირველი ბაღი კომპანიამ 2015 წელს გააშენა, 2020 წლიდან კი გადამმუშავებელი ქარხანა აამოქმედა. ამჟამად კომპანია 230 ჰექტარ კაკლის ბაღს ფლობს და პრემიუმ ხარისხის კაკალს აწარმოებს.
























