მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GeorgianLand.com – ქართული პროდუქტი აშშ-ს ბაზარზე

60be3112c9885
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.21 10:10
1823
GeorgianLand.com - ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული პროდუქციის გაყიდვის ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ქართული ნაწარმის რეალიზაციის 15- წლიანი გამოცდილებით 1 წლის წინ ამოქმედდა.

კომპანიის დამფუძნებელს ლევან მეტრეველს აშშ-ში გაყიდვების სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ბიზნესის წამოწყების შესახებ დეტალებზე BM.GE-სთან საუბრობს.

„ამერიკაში 17 წლის წინ ჩამოვედი, თავდაპირველად პურის დისტრიბუტორად დავიწყე მუშაობა. მეპატრონე ხანდაზმული იყო და ბიზნესის გაყიდვა გადაწყვიტა. რადგან მე მისთვის ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი და საქმეც კარგად მესმოდა, ამიტომ ამ ბიზნესის ჩემთვის გადმობარება გადაწყვიტა. მეც აქტიურად ჩავერთე და ბიზნესი ერთ წელიწადში გამოვისყიდე. მას მაღაზიები ნიუ-იორკის შტატის ხუთივე ქალაქში ჰქონდა. დავიწყე ფიქრი სხვა პროდუქტებზე, თუ რის შეთავაზება შემეძლო მაღაზიებისთვის.

რთული იყო ნდობის მოპოვება, კონკურენციაც დიდი იყო ნებისმიერ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ბაზრისთვის ისეთი პროდუქტი უნდა შემეთავაზებინა, რასთანაც წვდომა მხოლოდ მე მექნებოდა და ამერიკულ დახლებზე საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებდა. ნელ-ნელა ვატყობდი, რომ პროდუქტი დახლებზე ცარიელდებოდა და ეს მეტ მოტივაციას მაძლევდა.

მომხმარებელმა ნელ-ნელა გაიცნო ქართული პროდუქტი და სამზარეულო. თუმცა ჩემი ძირითადი ხაზი მაღაზიები და რესტორნები იყო. რადგან ბიზნესს თავისი ხაზი ჰქონდა, ინდივიდუალურ შეკვეთებს ვერ ვახორციელებდი. დავიწყე პარტნიორობა ყველასთან, ვისაც ქართული პროდუქტი შემოჰქონდა. ზოგი მათგანისგან ბიზნესი შევიძინე და დღეს მთლიანად ქართულ პროდუქციაზე ვარ ფოკუსირებული“, - ამბობს ლევან მეტრეველი.



ასე ამოქმედდა ქართული პროდუქტის რეალიზაციის ონლაინ მაღაზია, რომელიც დღეისთვის აშშ-ში 5 კომპანიის ნაწარმს ყიდის და 5 ქართველს ასაქმებს. 

„ამერიკაში ქართველებიც დიდ ძალას წარმოვადგენთ, ქართული სამზარეულოც უფრო მეტად ცნობილი გახდა, რამაც საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა განაპირობა. ეს მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად ქართულ პროდუქციაზე წვდომას გაუმარტივდება. ერთი წლის წინ დავიწყეთ ფიქრი სტრატეგიაზე, გვინდოდა დაგვეტესტა თუ რამდენად იმუშავებდა ონლაინ სერვისი. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, დღეს GeorgianLand.com-ს უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ამ ეტაპზე კომპანიაში ხუთი ქართველია დასაქმებული“, - ამბობს ლევან მეტრეველი.

Georgian Land-ის მიერ აშშ-ში გაყიდული ქართული პროდუქტის ღირებულება წლიურად 1 მლნ დოლარს აღემატება, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი ამ მაჩვენებელზე გაჩერებას არ აპირებს და პროდუქტის რაოდენობის ზრდასთან ერთად ქართული კომპანიების რაოდენობის მატებასაც აანონსებს.

„ჩვენი მიზანი წლიურად პროდუქციის 20%-ით ზრდაა. როცა ამ ბიზნესში დიდი ხნის გამავლობაში ხარ, ფინანსების ინვესტირებაც ეტაპობრივად ხდება. საკმაოდ სოლიდური თანხის ჩადება მიწევს.

აშშ-ში ქართული პროდუქციის რეალიზება წლიურად მილიონ დოლარს აღემატება. ვაპირებთ უფრო მეტი ინტენსივობით ვიმუშაოთ არსებულ ბაზართან და ქართული პროდუქციის ცნობადობა მაქსიმალურად გავზარდოთ. აშშ-ს სხვადასხვა შტატში კომპანიების „ნენას“, „შირაქის“, „კულას“, TMT-ის და „ბარუქის" კომპანიების პროდუქციას ვუწევთ რეალიზებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში ამ კომპანიების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ჩვენს მიმართ იჩენენ.

უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავ, რათა ადგილზე მეწარმეებს ამერიკული ბაზრის სპეციფიკა გავაცნო და თანამშრომლობის გეგმა შევთავაზო. ჩემი გამოცდილებით ამ გზით ჩვენი თანამშრომლობა და სერვისები უფრო მეტად მოქნილი შეიძლება გახდეს, რაც ამჟამად მეტი ქართული პროდუქციის შემოტანას აფერხებს. ეს იქნება წინასწარი გადახდები, ტრანსპორტირება და ა.შ.“ - უთხრა BM.GE-ის Georgian Land-ის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები